ოლიმპიური რგოლები ეიფელის კოშკზე შესაძლოა, სამუდამოდ დარჩეს

ოლიმპიური რგოლები

პარიზის ოლიმპიადის დაწყებამდე ეიფელის კოშკზე დამონტაჟებული ოლიმპიური რგოლები შესაძლოა, ზედ სამუდამოდ დარჩეს. ინიციატივა ქალაქის მერ ენ იდალგოს ეკუთვნის, რასაც “ევროპულსი” ავრცელებს.

პარიზში ოლიმპიური თამაშები 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართა, ხოლო მიმდინარე პარაოლიმპიადა 8 სექტემბერს დასრულდება.

მერის თქმით, ოლიმპიური რგოლები ხალხს ამ მოვლენებს გაახსენებს.

ხუთი რგოლი 29 მეტრ სიგანისა და 15 მეტრ სიმაღლოსაა, მათი წონა კი 30 ტონაა. ენ იდალგო ორიგინალური რგოლების უფრო მსუბუქი ასლებით შეცვლის წინადადებით გამოდის, რომ მათი მოვლა გაადვილდეს.

მერის ინიციატივას კოშკის ამგების, ინჟინერ გუსტავ ეიფელის შთამომავლები ეწინააღმდეგებიან. ისინი შიშობენ, რომ ოლიმპიური რგოლები ცნობილ კოშკს მხოლოდ ერთ მოვლენას დაუკავშირებენ. აზრები, ასევე, სოციალური მედიის მომხმარებლებში გაიყო.

ფრანგული მედიის ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილება საჯარო კონსულტაციების შემდეგ იქნება მიღებული.

ცნობისთვის: პარიზში ოლიმპიადიდან შემორჩენილ 6 მილიონ ერთეულ სხვადასხვა სპორტულ ინვენტარს ორგანიზაციებს დაურიგებენ. მაგალითად, საპლაჟო ფრენბურთის ქვიშა ქალაქის სპორტულ კლუბს, ოლიმპიური სოფლის 14 ათასი ლეიბი საფრანგეთის არმიას სამხედროებისთვის გადაეცემა, ხოლო მუყაოს საწოლის სტურქტურა გადამუშავდება. ჩოგბურთის ბურთები, ასევე, სხვადასხვა სპორტულ კლუბს გადაეცმეა. ამასთან, ორ საცურაო აუზს, სალაშქრო კედელსა და სკეიტბორდის პარკებს სენა-სენ-დენის გარეუბანში გადაიტანენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა სპორტისკენ მიიზიდონ. ოლიმპიური ჩირაღდნის მსოფლიო ესტაფეტისთვის დამზადებული ჩირაღდნები, დროშები და სხვა ატრიბუტები სუვენირებად გაიყიდება.