რა გვიშლის ხელს სამსახურის პოვნაში

samsakhuri

არ გაგიკვირდეთ და ეს, შეიძლება, თქვენი დამოკიდებულება იყოს - ზედმეტი პესიმიზმი, ფიქრი იმის შესახებ, რომ ნაცნობის გარეშე ვერსად ვერაფერს მიაღწევ. არ შეგედავებით, პროტექცია მოქმედებს და თუკი, მაგალითად, რომელიმე ჟურნალის რედაქტორმა ერთ ვაკანსიაზე თქვენი და მისი მეგობრის შვილის განაცხადი მიიღო, ფაქტობრივად, თანაბარი მოცემულობით, არჩევანს, რა თქმა უნდა, მასზე შეაჩერებს.

მაგრამ! ასე არ მოხდება, თუკი თქვენი განაცხადი, სამოტივაციო წერილი უფრო საინტერესო იქნება, თუკი გასაუბრებაზე თავს ორიგინალური პასუხებით დაამახსოვრებთ და აჩვენებთ, რომ საკმარისზე მეტი გამოცდილება გაქვთ იმისთვის, სამსახურში სწორედ თქვენ რომ აგიყვანოთ. ბოლოს და ბოლოს, ის ბიზნესმენია და არაფერს გააკეთებს ისეთს, რაც მის საქმეს ავნებს ან მის განვითარებას შეაფერხებს.

როგორია თქვენი CV? 

CV აუცილებლად გექნებათ, დროდადრო, ხელსაც შეავლებთ - ახალ ინფორმაციას დაამატებთ. ერთი შეხედვით უნივერსალური დოკუმენტი, რომლის წარდგენასაც ყველა დამსაქმებელი ითხოვს, თითქოს, მზადაა! მაგრამ, მართლაც ასე უნივერსალურია CV? იმდენად, რომ კონკრეტული ვაკანსიისთვის მისი გადამუშავება არ ღირს?

ღირს, მეტიც - ეს აუცილებელია!

პირველ ყოვლისა, შეამოწმეთ, გაქვთ თუ არა მითითებული, კონკრეტულად რას აკეთებდით ამა თუ იმ პოზიციაზე მუშაობისას. არ დაიზაროთ და CV თქვენი სამუშაოს აღწერილობითაც შეავსეთ. გვერწმუნეთ, ეს გაცილებით მეტს ეტყვის დამსაქმებელს თქვენ შესახებ, ვიდრე მხოლოდ იმის ამოკითხვა, რომ ამა და ამ წელს მასწავლებლად ან ბუღალტრად მუშაობდით.

CV-ის იმის გასარკვევადაც გადახედეთ, ხომ არ აკლია თქვენი განათლების ან სამუშაო გამოცდილების ჩამონათვალს ისეთი რამ, რაც ადრე მნიშვნელოვნად არ მიგაჩნდათ. მაგალითად, განაცხადი საზაფხულო ბანაკის აღმზრდელის ვაკანსიაზე შეგაქვთ, თქვენ კი, მითითებული არ გაქვთ, რომ სკოლის დამამთავრებელ კლასებში ახალგაზრდულ ბანაკში ჯგუფის ხელმძღვანელის თანაშემწედ მუშაობდით. არადა, ეს იმას ნიშნავს, რომ უნივერსალური გამოცდილება გაქვთ - საკითხს იცნობთ ორივე მხრიდან - როგორც მოსწავლე და როგორც მასწავლებელი. თუ ადრე ამ გამოცდილების CV-ში შეტანა საჭიროდ არ ჩათვალეთ, ახლა აუცილებლად უნდა შეიტანოთ, სამოტივაციო წერილშიც აღნიშნოთ და გასაუბრებაზეც ახსენოთ.

არ გამოგრჩეთ დეტალები, რომელიც თქვენ შესახებ ლაპარაკობენ. მაგალითად - ელექტრონული ფოსტის მისამართი. სასურველია გქონდეთ Gmail ან  Yahoo!, თქვენი სახელითა და გვარით და არა საალერსო სიტყვით, უცნაური ასოებით ან ციფრებით. ასეთივე საქმიანი უნდა იყოს თქვენი ფოტოც, თუკი დამსაქმებელი მის გაგზავნასაც ითხოვს. ყურადღება მიაქციეთ, რომ ფოტო არ იყოს რამდენიმე წლის წინანდელი და გგავდეთ თქვენ - ახლანდელს, მასზე არ იყოთ აღბეჭდილი მზის სათვალით, თავსაბურავით ან რაიმე სახალისო ატრიბუტით. რაღა თქმა უნდა, ფოტოზე უნდა იყოთ მარტო და ყურადღებიანი, მობილიზებული ადამიანის შთაბეჭდილებას უნდა ტოვებდეთ. 

რას ფიქრობთ გასაუბრებაზე?

თუკი გასაუბრებაზე დაგიძახეს, ე.ი. დამსაქმებელი თქვენით დაინტერესდა. მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. პირველ შთაბეჭდილებას თქვენი გარეგნობა მოახდენს, ამიტომ, არ ჩაიცვათ გამომწვევად, მიზნად არ დაისახოთ შთაბეჭდილების ბრენდული სამოსით თუ აქსესუარებით მოხდენა, არ გამოიყენოთ მასიური სამკაულები, შეეცადეთ, თქვენი იმიჯი იყოს საქმიანი, მაგრამ არა მშრალი. მსუბუქად დაისხით სუნამო. თუ ქალი ხართ, გაიკეთეთ სადა მაკიაჟი, ნუ აირჩევთ ძალიან მაღალქუსლიან ფეხსაცმელს.

მოიძიეთ ყველა შესაძლო ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ, სადაც მუშაობის დაწყებას აპირებთ, გაიაზრეთ ყველა სავარაუდო შეკითხვა, რომელიც ვაკანსიიდან, თქვენი CV-იდან ან სამოტივაციო წერილიდან გამომდინარე შეიძლება დაგისვან და მათზე საუკეთესო პასუხები მოამზადეთ. არ ინერვიულოთ, გახსოვდეთ, რომ ამით უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება. თქვენი პოზიტიური განწყობა აუცილებლად გადაედება მათ, ვინც გასაუბრებაზე შესულს, მაგიდის მეორე მხარეს დაგხვდებათ.

გასაუბრებისას, იყავით კეთილგანწყობილი, არ შეიბოჭოთ. ყურადღებით მოისმინეთ შეკითხვები და პასუხები საგნობრივად გაეცით - გასაუბრება ხანგრძლივი, დამღლელი პროცესია და ბევრი ლაპარაკი, მით უმეტეს, ზოგად თემებზე კომისიის წევრებს მხოლოდ გააღიზიანებს. საუბრისას ნუ გამოიყენებთ კლიშეებს, შაბლონებს, ბევრ უცხო სიტყვას, განსაკუთრებით მაშინ, როცა სათქმელის გადმოცემა მშობლიურ ენაზე მშვენივრად შეიძლება. არ ითამაშოთ ვინმე სხვა, ვინც შეიძლება ძალიან მოგწონთ, იყავით ის, ვინც ხართ, არ მოიტყუოთ, არც თქვენი გამოცდილების, არც შესაძლებლობების შესახებ.

ნამდვილად გინდათ ეს სამსახური?

ხდება ხოლმე, რომ სამსახური ისე გჭირდება, მზად ხარ ყველაფერს მოჰკიდო ხელი. ეძებ ვაკანსიებს, დღეში რამდენჯერმე ნახულობ საიტებს... გახსოვდეთ, რომ სამსახურის შესახებ განცხადებას ბევრი არა მარტო დასაქმების საიტებზე, სოციალურ ქსელებშიც აქვეყნებს. თვალი ადევნეთ facebook-ს, სხვა პლატფორმებს, შესაძლოა, ისეთი ვაკანსია აღმოაჩინოთ, რომელზედაც განაცხადს არა მხოლოდ საჭიროების გამო გააკეთებთ, არამედ, სიამოვნებითაც. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს - როცა საქმეს სიამოვნებით აკეთებ, ის აუცილებლად კარგი გამოდის.

უთხარით მეგობრებს და ახლობლებს, როგორ სამსახურს ეძებთ, თუკი კარგი ნაცნობები ან ახლობლები კომპანიების მმართველ რგოლებშიც გყავთ, ჩააყენეთ საქმის კურსში და თქვენი CV გაუგზავნეთ. მეტსაც გეტყვით, შეარჩიეთ კომპანიები, სადაც მუშაობას ისურვებდით, მოამზადეთ მათთვის შესაფერისი სამოტივაციო წერილები და CV-თან ერთად, ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე გაუგზავნეთ.

დიახ, ყველა შესაძლებლობა უნდა მოსინჯოთ და აუცილებლად გაგიმართლებთ!