1742367116
რუსული „ვექტორფარმი“ დიღომში, საავადმყოფოს და სამედიცინო უნივერსიტეტს აშენებს - პროექტის დეტალები

რუსული „ვექტორფარმი“ დიღომში საავადმყოფოს და სამედიცინო უნივერსიტეტს აშენებს.
შპს „ვექტორფარმი“ გასული წლის დასაწყისიდან ტერიტორიის მფლობელი კომპანიის შპს „ქალთა ჯანმრთელობის ცენტრის“ 100%-ის მმართველია, რომელიც მანამდე შპს „აკადემიკოს ნოდარ ყიფშიძის სახელობის თერაპიის ეროვნული ცენტრს“ ეკუთვნოდა. ეს უკანასკნელი, წლების განმავლობაში ბიზნესმენ ალექსანდრე ხარებავას კომპანია იყო.
ცნობილი ბიზნესმენი ალექსანდრე ხარებავა დიღომში, ჩაჩავას ქუჩაზე ახალ, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საავადმყოფოს აშენებს წლების განმავლობაში ცდილობდა. „აკადემიკოს ნოდარ ყიფშიძის სახელობის თერაპიის ეროვნული ცენტრმა“ პირველად მშენებლობის ნებართვა 2017 წელს მოითხოვა, დედაქალაქის მთავრობასთან ამავე წელს შეთანხმდა საავადმყოფოს პროექტიც. ალექსანდრე ხარებავამ 2019 წელს მშენებლობის ნებართვის გაგრძელება მოითხოვა. არქიტექტურის სამსახურმა კომპანიას მშენებლობის ვადა 2020 წლის ივლისამდე გაუხანგრძლივა. მას შემდეგ კომპანიამ ნებართვის გაგრძელება არაერთხელ მოითხოვა, საბოლოოდ კი წილი გაასხვისა.
არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ბოლო ინფორმაციით, საავადმყოფოს და სამედიცინო უნივერსიტეტის კორექტირებული პროექტის შეთანხმება მიმდინარეობს.
„საპროექტო მიწის ნაკვეთზე (6267 მ2) 2017 წელს შეთანხმებული იქნა საავადმყოფოს პროექტი, ხოლო 2021 წელს იქნა დაკორექტირებული პროექტი. ამჟამინდელი კორექტირებით საპროექტო შენობა-ნაგებობამ შეიცვალა პროფილი და იქნება მრავალპროფილური საავადმყოფო.
საპროექტო შენობა წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულებას, კერძოდ საავადმყოფოს. შენობის მთლიანი სიმაღლე 27.5 მ-ია. შენობა 5 სართულიანია, რომლის 1 სართული წარმოადგენს მიწისქვეშა სართულს“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
რაც შეეხება სამედიცინო უნივერსიტეტის პროექტს, როგორც განმარტებით ბარათში წერია, საპროექტო შენობა წარმოადგენს სამედიცინო უნივერსიტეტს, რომლის დაშენებაც ხდება მშენებარე ორსართულიან მიწისქვეშა ავტოსადგომზე. შენობა 5 სართულიანია, დამატებითი ორი მიწისქვეშა სართულით.
რაც შეეხება თავად რუსულ კომპანია „ვექტორფარმს“, ის 2021 წელს მოსკოვში დარეგისტრირდა და მის ძირითად საქმიანობას ფარმაცევტული პროდუქტებით საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. კომპანიის გენერალური დირექტორი ალექსანდრე როჟდესტვენსკია, რომელიც წლების განმავლობაში იყო რუსეთის განათლების ფედერალური სააგენტოს უფროსის მოადგილე და ასევე რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ეკონომიკისა და სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.