1730984410
საქართველოს სავალუტო რეზერვები 6-წლიან მინიმუმზეა - როგორია სტატისტიკა
საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 2-წლიან, სავალუტო რეზერვები კი ფაქტობრივად, 6-წლიან მინიმუმზეა.
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყნის სავალუტო რეზერვების მოცულობა 2.994 მლრდ დოლარს შეადგენს, ამაზე ნაკლები დოლარი ქვეყანას 2018 წლის ნოემბერში ჰქონდა, როდესაც ვალუტის მოცულობა 2.888 მლრდ დოლარს შეადგენდა.
რაც შეეხება მთლიან რეზერვებს, 2024 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით 4.085 მლრდ დოლარს შეადგენს, ამაზე ნაკლები მოცულობის რეზერვი ქვეყანას ბოლოს 2022 წლის ნოემბერში ჰქონდა - 4.636 მლრდ დოლარი.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ოქტომბერში საქართველოს საერთაშორისო რეზერვები 627 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა, რაც ერთთვიან ინტერვალში რეკორდული მაჩვენებელია. (სექტემბერი - 3.635 მლრდ დოლარი, ოქტომბერი - 2.994 მლრდ დოლარი). მთლიანად კი წლის განმავლობაში სავალუტო რეზერვებიც მოცულობა 1.671 მლრდ დოლარით შემცირდა (2023 წლის ოქტომბერი - 4.665 მლრდ დოლარი).
ოქტომბერში სავალუტო რეზერვების ასეთი მოცულობით კლების მთავარი მიზეზებია - ერთის მხრივ, ეროვნული ბანკის მიერ გასულ თვეს ჩატარებული ოთხი სავალუტო აუქციონი, რომლის დროსაც 213.4 მლნ დოლარის გაყიდა და მეორე - სავარაუდოდ, Bmatch პლატფორმით დამატებითი ინტერვენციების განხორციელება. ამ უკანასკნელის შედეგები ცნობილი 25 ნოემბერს გახდება.
მთლიანად კი წელს ეროვნულმა ბანკმა 539.7 მლნ დოლარი გაყიდა, აქედან სავალუტო აუქციონების გზით ბაზარს 382.1 მლნ დოლარი მიაწოდა, Bmatch პლატფორმის მეშვეობით კი (ოქტომბრის სტატისტიკის გარეშე) 157.6 მლნ დოლარი.
ოპონენტები ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების ხარჯვას გაუმართლებელს უწოდებენ, მთავრობა კი „მიზნობრივს“. როგორც რამდენიმე დღის წინ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ის სრულ მხარდაჭერას უცხადებს ეროვნული ბანკის ბოლო პერიოდის პოლიტიკას სავალუტო რეზერვების ხარჯვასთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, სავალუტო რეზერვები ეროვნული ბანკის მიერ სრულიად მიზნობრივად იქნა დახარჯული და ლარის კურსი სტაბილურ ნიშნულს შეინარჩუნებს.
თუმცა ჯერ კიდევ 2024 წლის მაისში, საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობასთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ რეზერვების დონე ადეკვატურობის ნიშნულს ჩამოსცდა და მისი შევსება იყო საჭირო.
„ეროვნულმა ბანკმა შეინარჩუნა მკაცრი მონეტარული პოლიტიკის პოზიცია, საპროცენტთო განაკვეთის თანდათან ნორმალიზებით. ამასთან, სისტემური რისკების მოსაგვარებლად მაკროპრუდენციული ზომებს იყენებდა. მნიშვნელოვანი სავალუტო შესყიდვების მიუხედავად, რეზერვები სსფ-ის ადეკვატურობის კოეფიციენტზე დაბლა დაეცა.ეროვნულმა ბანკმა შეინარჩუნა მკაცრი მონეტარული პოლიტიკის პოზიცია, საპროცენტო განაკვეთის თანდათან ნორმალიზებით. ამასთან, სისტემური რისკების მოსაგვარებლად მაკროპრუდენციული ზომებს იყენებდა. მნიშვნელოვანი სავალუტო შესყიდვების მიუხედავად, რეზერვები სსფ-ის ადეკვატურობის კოეფიციენტზე დაბლა დაეცა“, - აღნიშნული იყო სავალუტო ფონდის ანგარიშში.
რამდენიმე დღის წინ კი სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა აღნიშნა, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომა უფრო მცირეა ვიდრე BB რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებში: „ლარის სისუსტე ვალის დინამიკის ძირითად რისკს წარმოადგენს, რადგან, მესამე კვარტლის მდგომარეობით, ცენტრალური მთავრობის ვალის დაახლოებით 71% დენომინირებულია უცხოურ ვალუტაში. საქართველო, ასევე, ჩამორჩება თავის თანატოლებს სავალუტო რეზერვის ადეკვატურობის კუთხით, რომელიც სექტემბრის მდგომარეობით 4,7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა… ეს მხოლოდ 2,6 თვის საგარეო გადახდებს ფარავს, მაშინ, როცა BB-რეიტინგის მქონე ქვეყნებში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 4,7 თვეს შეადგენს“, - წერია Fitch-ის ანგარიშში.