სარეკორდო ფასი - ბუდუ ზივზივაძის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა

ბუდუ ზივზივაძე

სააგენტო Transfermarkt-ის მონაცემებით, ბუდუ ზივზივაძის სატრანსფერო ფასმა მისთვის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 1.8 მლნ ევროდან 2.5 მლნ გახდა.

ბოლო განახლებასთან (დეკემბერი) შედარებით, ღირებულების 700 000-იანი ზრდა განაპირობა იმან, რომ იანვარში ზივზივაძე მე-2 ბუნდესლიგის „კარლსრუე“-დან გერმანიის უმაღლეს ლიგაში გადაბარგდა და „ჰაიდენჰაიმი“-ს მაისური მოირგო. მას შემდეგ ელიტარულ დივიზიონში ჩატარებულ 11 მატჩში 2 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა.

საილუსტრაციოდ ვთქვათ, რომ 2024 წლის ივნისში Transfermarkt-ი ქართველ თავდამსხმელს 900 000 ევროდ აფასებდა, ამჟამად კი ეს რიცხვი თითქმის 3-ჯერ (2.78) არის გაზრდილი.

31 წლის ზივზივაძე გერმანიის მთავარ დივიზიონში სადებიუტო სეზონს ატარებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ლევან კობიაშვილის შემდეგ ის პირველი ქართველია, რომელმაც ბუნდესლიგაში გოლი გაიტანა - კობიაშვილმა ეს 2014 წლის თებერვალში გააკეთა.