2 მილიარდერი, მონათმფლობელები და ფერმერები - აშშ-ის ტოპ-10 ყველაზე მდიდარი პრეზიდენტი

მსოფლიო 1743242193
მილიარდერი

ამერიკის ყველა დროის ყველაზე მდიდარ პრეზიდენტთა სია სხვა დეტალების გარდა, გამორჩეულია იმითაც, რომ ყველაზე მდიდარი პრეზიდენტი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანიც არის. აშშ-ის ისტორიაში სულ ორი პრეზიდენტია, რომლის ქონებამაც მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

Yahoo Finance-ის მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ აშშ-ის ტოპ-10 ყველაზე მდიდარი პრეზიდენტის სიას:

10. ბილ კლინტონი (1993-2001 წ.) – 91.6 მლნ აშშ დოლარი

აშშ-ის რიგით 42-ე პრეზიდენტის ქონება 91.6 მლნ დოლარად არის შეფასებული, რაშიც მისი მეუღლის ჰილარი კლინტონის შემოსავლები და აქტივებიც იგულისხმება. თავის მხრივ, გვახსოვს, რომ ჰილარი კლინტონი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების კანდიდატი იყო და დონალდ ტრამპთან დამარცხდა. ბილ კლინტონმა, პრეზიდენტობის შემდეგ, მილიონები დააგროვა 2005 წელს გამოცემული წიგნით - My Life, ხოლო ყოფილმა პირველმა ლედიმ 14 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო ასევე წიგნით - Hard Choices. ბილ კლინტონი პოლიტიკური კარიერის დასაწყისში არკანზასის გენერალური პროკურორი და გუბერნატორი იყო.

9. ჰერბერტ ჰუვერი (1929-1933 წ.) – 100.1 მლნ აშშ დოლარი

აშშ-ის 31-ე პრეზიდენტი ჰერბერტ ჰუვერი მდიდარი ოჯახის შვილი არ ყოფილა, მაგრამ ცხოვრება განსხვავებული ფინანსური სტატუსით დაასრულა. კლინტონების მსგავსად, მისი კაპიტალის უდიდესი ნაწილიც წიგნის გაყიდვებზე მოდის. ჰუვერი პრეზიდენტობამდე სამთო სფეროში, ინჟინერის პოზიციაზე მუშაობდა, მოგვიანებით კი ამ საკითხზე სახელმძღვანელო დაწერა, რამაც ათობით მილიონი დოლარი მოუტანა. საბოლოოდ, პრეზიდენტ ჰუვერის კაპიტალი 100.1 მლნ დოლარს გაუტოლდა.

8. ლინდონ ჯონსონი (1963-1969 წ.) – 131.9 მლნ აშშ დოლარი

ჯონ კენედის პრეზიდენტობის პერიოდში ლინდონ ჯონსონს ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა. კენედის მკვლელობის შემდეგ კი ქვეყნის რიგით 36-ე პირველი პირი გახდა. ის და მისი მეუღლე ლედი ბირდ ჯონსონი წილებს რადიო და სატელევიზიო ბიზნესში ფლობდნენ (მათ შორის რადიოსადგურ KTBC-ში), 131.9 მლნ-იანი ქონების შედარებით მცირე ნაწილი კი მსხვილფეხა საქონელსა და იმავე ტექსასში მდებარე მიწის ნაკვეთებში აკუმულირდებოდა.

7. ჯეიმს მედისონი (1809-1817 წ.) – 136.7 მლნ აშშ დოლარი

აშშ-ის მე-4 პრეზიდენტი ჯეიმს მედისონი მდიდარი ოჯახიდან იყო და პრაქტიკულად მთელი - 136.7 მლნ დოლარის ქონება მშობლებისგან მემკვიდრეობით ერგო. მედისონები რამდენიმე ათას ჰექტარ მიწის ნაკვეთს ფლობდნენ და ჰყავდათ ათობით მონა.

6. ენდრიუ ჯექსონი (1829-1837 წ.) – 160.1 მლნ აშშ დოლარი

აშშ-ის მე-7 პრეზიდენტმა ენდრიუ ჯექსონმა ქონება ადვოკატად მუშაობისას დააგროვა, შემდეგ კი - მეუღლისგან მემკვიდრეობით. მან თავისი შემოსავლები 160.1 მლნ-მდე მონების შრომის ხარჯზე გაზარდა - პლანტაციებს ამუშავებინებდა. როგორც ცნობილია, სიკვდილის მომენტში დაახლოებით 150 მონა ჰყავდა.

5. თეოდორ რუზველტი (1901-1909 წ.) – 168.6 მლნ აშშ დოლარი

აშშ-ის 26-ე პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი თეთრ სახლში 168.6 მლნ-ის კაპიტალით შევიდა. მემკვიდრეობით მიიღო ფონდი, თუმცა მისი შემოსავლების გაზრდაზე დიდად აღარ უფიქრია - კარიერის უმეტესი ნაწილი საჯარო სამსახურში გაატარა.

4. თომას ჯეფერსონი (1801-1809 წ.) – 285.8 მლნ აშშ დოლარი

აშშ-ის მე-3 პრეზიდენტმა თომას ჯეფერსონმაც დიდი მემკვიდრეობა მიიღო, ოღონდ, რუზველტისგან განსხვავებით, ათასობით ჰექტარი მიწა და მათზე გაშენებული პლანტაციები გააფართოვა და კიდევ უფრო გამდიდრდა. საბოლოოდ, ვირჯინიაში საკუთარი პლანტაციებიც გააშენა და სიცოცხლის ბოლოს 285.8 მლნ დოლარის აქტივებს ფლობდა.

3. ჯორჯ ვაშინგტონი (1789-1797 წ.) – 708.5 მლნ აშშ დოლარი

აშშ-ის ლეგენდარული პირველი პრეზიდენტი, საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, ქვეყნის ყველა დროის ყველაზე მდიდარი პრეზიდენტის სტატუსსაც ირგებდა - 708.5 მლნ-ით. ცხადია, აურაცხელი ოდენობის მემკვიდრეობაც მიიღო და თავადაც დიდი ფული გამოიმუშავა, გენერლის წოდებით, ომებში მონაწილეობით.

2. ჯონ კენედი (1961-1963 წ.) – 1.3 მლრდ აშშ დოლარი

აშშ-ის 35-ე პრეზიდენტიც „ოქროს აკვანში“ დაიბადა. მამა ბანკირი და ინვესტორი იყო, მეუღლე და მომავალი პირველი ლედი ჟაკლინიც უმდიდრესი ოჯახიდან იყო. გაპრეზიდენტებამდე კენედის კაპიტალის უმაღლესი წერტილი 1.3 მლრდ გახლდათ. სენატორობისას დაწერა წიგნი - Profiles in Courage, რომლისთვისაც პულიცერის პრემია მიიღო. კენედი აშშ-ის ბოლო პრეზიდენტია, რომელიც პოსტზე ყოფნისას გარდაიცვალა.

1. დონალდ ტრამპი (2017-2021; 2025-დღემდე) – 6.2 მლრდ აშშ დოლარი

აშშ-ის 45-ე და 47-ე პრეზიდენტი ერთადერთია, რომელსაც, სხვა ბევრთან ერთად, ნასამართლევის სტატუსიც აქვს. „ფორბსის“ მიხედვით, პირველი გაპრეზიდენტებისას მისი ქონება 3.7 მლრდ-ს შეადგენდა, პოსტის მეორედ დაკავებისას კი - 6.7-ს. მამა უძრავი ქონების ბიზნესში იყო ჩართული და სოლიდური კაპიტალიც დააგროვა, 1971 წლიდან კი ოჯახის ბიზნეს ჯგუფის პრეზიდენტობის სადავეები გადააბარა დონალდს, რომელმაც ბაზარზე The Trump Organization-ი დააფუძნა. დაიწყო მაღალი შენობების, სასტუმროების, კაზინოებისა და გოლფის მოედნების შეძენა-აშენება. 1990-იანებსა და 2000-იანებში 6 წარუმატებელი ბიზნეს საქმიანობის შემდეგ, 2004 წლიდან სატელევიზიო სფეროშიც ჩაერთო და 2015 წლამდე The Apprentice-ის სახელწოდების რეალითი შოუს უძღვებოდა. 2025 წლის იანვარში, როცა თეთრ სახლში დაბრუნდა, მისი კაპიტალი კვლავ უძრავი ქონებების ჰოლდინგებიდან, ცოლის აქტივებიდან და სხვადასხვა აქციებიდან შემოსული თანხებისგან შედგებოდა.