შვეიცარიაში ბავშვის ცემა კანონის დონეზე აიკრძალა

ბავშვი

შვეიცარიის პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ბავშვების ძალადობის გარეშე აღზრდის პრინციპს ითვალისწინებს. ინფორმაციას გაზეთი Le Temps ავრცელებს.

შვეიცარიის სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებები მშობლებს ავალდებულებს, შვილები „ძალადობის, კერძოდ, ფიზიკური დასჯისა და სხვა დამამცირებელი მეთოდების გარეშე“ აღზარდონ.

საკანონმდებლო ცვლილებები შვეიცარიის პარლამენტის ზედა პალატამ 33 ხმით დაამტკიცა, ოთხმა სენატორმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო შვიდმა კენჭისყრისას თავი შეიკავა.

ვინაიდან ბავშვების ფიზიკური დასჯა შვეიცარიაში უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია, საკანონმდებლო ცვლილებებს, პირველ რიგში, პრევენციული ხასიათი აქვს. ამასთან, ხელისუფლება საინფორმაციო კამპანიას იწყებს სლოგანით, „პრევენცია მკურნალობაზე უკეთესია,” რომელიც მშობლების მიერ ბავშვებზე ფიზიკური ძალადობის პრობლემას მიეძღვნება.

შვეიცარიულ ორგანიზაცია Kinderschultz Schweiz-ის მონაცემებით, ქვეყანაში ბავშვების, თითქმის, ნახევარი აღზრდის დროს ერთხელ მაინც გამხდარა ძალადობის მსხვერპლი.