თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რობოტები დაასაქმა

რობოტები

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რობოტები დაასაქმა. რობოტები, ტიჯი 1 და ტიჯი 2, TAV Georgia-ს თანამშრომლები არიან და მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას 1-ელი ოქტომბრიდან შეუდგებიან.

„რაც შეეხება სერვისებს – ჩვენ ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს. დღეს უკვე გაიცანით ჩვენი ახალი თანამშრომელი – რობოტი ტიჯი 1, ასევე გვყავს რობოტი ტიჯი 2, რომლებიც 1-ელი ოქტომბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოემსახურებიან. გარდა ამისა, ჩვენ ზამთრის სეზონს იმ პროექტებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამოვიყენებთ, რომლებსაც ყოველწლიურად ამ ორ აეროპორტში ვახორციელებთ“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან TAV Georgia-ს ​ გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ TAV Georgia-ს ​ საქართველოში ოპერირების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.

სწორედ ამ ღონისძიებაზე წარადგინა TAV Georgia-მ რობოტი ტიჯი 1, რომელიც სტუმრებს სცენიდან მიესალმა და კომპანიის მიზნებსა და გეგმებზე სასაუბროდ „საკუთარი მენეჯერი“, თეა ზაქარაძე იხმო.