1757756542
ვინ არის იაპონიის ჭრიჭინა პრინცი, რომელიც შესაძლოა, მსოფლიოში უძველესი მონარქიის უკანასკნელი იმპერატორი გახდეს

იაპონიის პრინცი ჰისაჰიტო ბოლო 40 წლის განმავლობაში სამეფო ოჯახის წარმომადგენელი პირველი სრულწლოვანი მამაკაცია. იაპონიაში ბევრი შიშობს, რომ ის შეიძლება უკანასკნელი მონარქი იყოს.
როგორც წესი, მონარქიაში მემკვიდრეობითი მმართველი სტატუსი ძირითადად მამაკაცებს გადაეცემა. ბოლო დროს კი მამაკაცი მონარქების რაოდენობა შემცირდა.
ჰისაჰიტო ტახტის რიგში მეორეა და, სავარაუდოდ, ერთ დღეს იმპერატორი გახდება. თუმცა ახლა ის ტოკიოს მახლობლად მდებარე ცუკუბას უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია - ბიოლოგიას სწავლობს და ბადმინტონის დიდი მოყვარულია.
ის განსაკუთრებით მოხიბლულია ჭრიჭინებით და ტოკიოში, აკასაკას მამულის ტერიტორიაზე მწერების ამ სახეობების ცხოვრებას სწავლობს. არის სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორიც, სადაც ჭრიჭინების შესახებ ყველაფერი წერია.
მარტში გამართულ სადებიუტო პრესკონფერენციაზე პრინცმა განაცხადა, რომ გეგმავს თავისი ყურადღება ურბანულ რაიონებში ჭრიჭინების პოპულაციების დაცვაზე გაამახვილოს.
ჰისაჰიტო დაიბადა 2006 წლის 6 სექტემბერს და ის ტახტის მემკვიდრის, პრინცი აკიშინოსა და მისი მეუღლის, პრინცესა კიკოს ერთადერთი ვაჟია. მას ჰყავს ორი უფროსი და: პრინცესა კაკო და ყოფილი პრინცესა მაკო, რომელმაც არასამეფო წევრზე ქორწინების გამო სამეფო სტატუსზე უარი განაცხადა.
შესაძლოა, ის უკანასკნელი იმპერატორი იყოს
ჰისაჰიტო იმპერატორ ნარუჰიტოს ძმისშვილია. თავად იმპერატორს ქალიშვილი ჰყავს. ხოლო პრინცის მამა - აკიშინო, იმპერატორის უმცროსი ძმა, ოჯახის უკანასკნელი მამრობითი სქესის წევრი იყო, რომელმაც 1985 წელს სრულწლოვანებამდე მიაღწია.
ჰისაჰიტო იმპერიული ოჯახის 16 ზრდასრული წევრიდან ყველაზე ახალგაზრდაა. ის და მისი მამა მამრობითი სქესის ერთადერთი მემკვიდრეები არიან.
მამრობითი სქესის მემკვიდრეების დეფიციტი მონარქიისთვის სერიოზული პრობლემაა, რომელიც ბოლო 1500 წელია არსებობს. პრობლემა იაპონიის მოსახლეობის სწრაფად დაბერებასა და შემცირების გამო წარმოიშვა.
ტრადიციულად იაპონიას მხოლოდ მამაკაცი იმპერატორები ჰყავდა, თუმცა ტახტის მემკვიდრეობით ქალებისთვის გადაცემაც დაშვებული იყო.
ისტორიის განმავლობაში იაპონიას 8 ქალი იმპერატორი ჰყავდა, თუმცა ქალებისთვის ეს უფლება 1889 წელს შეიზღუდა.
დღეს ქვეყანაში ამ საკითხის გარშემო დებატები მიმდინარეობს. ნაწილი მიიჩნევს, რომ იაპონიამ სამეფო წესები უნდა შეცვალოს და ქალებს იმპერატორად კურთხევის უფლება მისცეს, რასაც ნაწილი არ ეთანხმება.
წყარო: cnn.com