სომხურ-რუსული “სავაჭრო ომი” გრძელდება - ერევანმა რუსული ნაყინის იმპორტი აკრძალა

ნაყინი

სომხეთის სურსათის უვნებლობის ინსპექციამ დღეიდან „კოროვკას“ ბრენდის რუსული ნაყინის იმპორტი დროებით აკრძალა - ამის შესახებ განცხადებას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მასში წერია, რომ „გადაწყვეტილება სურსათის უვნებლობის რისკების შეფასების საფუძველზე იქნა მიღებული და აკრძალვა 2 ივლისის შემდეგ იმპორტირებულ პარტიებზე ვრცელდება, ხოლო მანამდე იმპორტირებულ პროდუქტებზე შეზღუდვა არ მოქმედებდა.“

ინსპექცია წინა ფაქტსაც იხსენებს, როცა მიმდინარე წლის 7 მარტიდან წარმოებულ პარტიაში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები დასაშვებ დონეს აჭარბებდა, რაც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ტექნიკურ რეგულაციებს არღვევდა. ინსპექტირების ორგანომ მისი გაყიდვა აკრძალა და ბაზრიდან ამოღება და განადგურება მოითხოვა.

სომხურმა მხარემ რუსული ნაყინის იმპორტი მას შემდეგ შეაჩერა, რაც „როსსელხოზნადზორმა“ 27 ივნისიდან სომხეთიდან ყვავილებისა და კოკრების იმპორტი შეზღუდა და ახალ, გამკაცრებულ პროცედურას დაუქვემდებარა. კერძოდ, სომხეთიდან ყვავილების პროდუქციის იმპორტი მხოლოდ იმ საწარმოო ობიექტებიდან არის შესაძლებელი, რომლებიც მიკვლევადობის პროცედურას უზრუნველყოფენ.

ცნობისთვის: სომხურ-რუსული “სავაჭრო ომი” 18 ივნისის შემდეგ დაიწყო, როცა ერევანში პრორუსი სომეხი ოლიგარქი, სამველ კარაპეტიანი საკუთარ სახლში ხელისუფლების ხელში ჩაგდების ბრალდებით დააკავეს და ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. Forbes-ის თანახმად, 59 წლის სამველ კარაპეტიანი რუსეთის უმდიდრესი ბიზნესმენების სიაში 44-ე, ხოლო მსოფლიო მილიარდერთა სიაში 1102-ე ადგილზეა. მისი ქონება 3.2 მლრდ დოლარად არის შეფასებული. სომეხ ოლიგარქს რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნებს, მათ შორის, რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ვლადიმერ კოლოკოლცევს არაერთხელ უკავშირებდნენ.

შეგახსენებთ, რომ აქამდე რუსეთმა სომხური ყვავილების იმპორტი აკრძალა. როგორც მაშინ „როსსელხოზნადზორში“ აცხადებდნენ, „გადაწყვეტილება სომხეთიდან რუსეთში დაუდგენელი ფიტოსანიტარიული სტატუსის მქონე ყვავილების მიწოდების მკვეთრი ზრდის გამო იქნა მიღებული“.

bpn.ge