რა არის Meta Superintelligence Labs - ცუკერბერგის ახალი პროექტი AI-ინდუსტრიაში?

მსოფლიო 1751441747
მარკ ცუკერბერგი

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა გამოაცხადა, რომ კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის განვითარების ახალ მიმართულებაზე იწყებს მუშაობას და ამ მიზნით ქმნის Meta Superintelligence Lab-ს. ლაბორატორიას ალექსანდრ ვანგი, Scale AI-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი უხელმძღვანელებს. მასთან ერთად იმუშავებს ნათ ფრიდმანი, GitHub-ის ყოფილი ხელმძღვანელი. ხელოვნური ინტელექტის სფეროს ეს ორი გავლენიანი ფიგურა . Meta-ს მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილებით დასტურდება კომპანიის ინტერესი, არ ჩამორჩეს Google-ისა და OpenAI-ს მიერ შექმნილ კონკურენციას და თავისი სიტყვა თქვას ხელოვნური ინტელექტის სამყაროში.

როგორც ცნობილია, სულ ცოტა ხნის წინ Meta-მ $14.3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა ScaleAI-ში და მისი წილების 49% შეიძინა, რითაც საკუთარ კალათაში ჩასვა მნიშვნელოვანი შესაძლებლობების მქონე სტარტაპი. Meta ScaleAI-ზე არ ჩერდება. კომპანიამ OpenAI-ს, DeepMind-ისა და Anthropic-ის ათეულობით საუკეთესო მეცნიერი გადაიბირა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს კომპანიას ძალიან ძვირი დაუჯდა. ზოგიერთი მკვლევრის ასაყვანად Meta-მ 9-ციფრიანი თანხაც კი გადაიხადა.

ხელოვნური ინტელექტის ახალი ლაბორატორიის შექმნით Meta-ს სურს, დააჩქაროს თავისი ხელოვნური ინტელექტის განვითარება და მომავალ წლამდე გააუმჯობესოს მისი ცნობილი ჩათ-ბოტის, Llama-ს შესაძლებლობები. როგორც მარკ ცუკერბერგი აღნიშნავს, ამ ლაბორატორიის დაფუძნებით და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებით, თუნდაც როგორიც სათვალეების მწარმოებელ Ray-Ban-თან ერთად ჭკვიანი სათვალის გამოშვებაა, კომპანია მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის უდიდესი შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის გაზრდას მომხმარებლებისთვის.

Meta-ს ახალ ინიციატივას დადებითად შეხვდა უოლ-სტრიტის ბირჟა - კომპანიის აქციების ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, თუმცა ანალიტიკოსებს აშინებთ ის წარსული გამოცდილება, რაც Meta-ს მიერ AI-სფეროში განხორციელებულ სხვა ძვირად ღირებულ ინვესტიციებს უკავშირდება. როგორც ცნობილია, კომპანიის ბოლოდროინდელი პროექტები, როგორებიცაა Reality Labs და აპრილში გამოშვებული Llama 4-ის ჩათ-ბოტი არც ისე წარმატებული აღმოჩნდა და მომხმარებელს კვლავ უჭირს, აჰყვეს ცუკერბერგის ხედვას.

bm.ge