1751441747
„კახეთის მიწა ძალიან ნაყოფიერია - იქ ხილის 95% ამართლებს“

ნიკა გეთიაშვილი წლებია, მეხილეობას მისდევს. გურჯაანის რაიონში აწარმოებს კურკოვან, განსხვავებულ ხილს, რაც მისი ძირითადი ბიზნესია. საქმე თავდაპირველად მისმა ოჯახმა დაიწყო, თავად კი ყველაფერი ძმასთან ერთად 2014 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ ჩაიბარა. იმის გარდა, რომ მეხილეობა მისი საქმიანობა და შემოსავლის წყაროა, ბაღსა და ბუნებაში ყოფნას მისთვის სხვა ემოციებიც მოაქვს.
"ყველა ტოტს, ფოთოლს, ნაყოფს ყურადღება უნდა, დავდივარ პლანტაციებში - ბუნებასთან ასეთი სიახლოვე ადამიანზე დადებითად მოქმედებს. შენ თვალწინ რომ იზრდება ნაყოფი, სასიამოვნოა... გაზაფხულის მოსვლა, ბუნების გაღვიძება კიდევ სხვა გრძნობებს აღძრავს, დიდ ენერგიას გვაძლევს, ვინც ამ საქმეში ვართ. ულამაზესია აყვავილებული ხეები, ტკბილი სურნელი რომ იგრძნობა, ფუტკარი რომ ტრიალებს და ბუნება იღვიძებს. ეს ძლიერი ემოციაა, სიცოცხლის დაწყების რაღაცნაირი შეგრძნება", - გვეუბნება ნიკა გეთიაშვილი.
- როგორც ჩანს, ბავშვობიდან იყავით ამ პროცესის თანამონაწილე.
- კი, მამაც ამ გზით მიდიოდა და მეხილეობაში სიახლეებს ეძებდა. იმ ჯიშების გაშენებას ცდილობდა, რაც მასობრივად არ იყო გავრცელებული. მე და ჩემმა ძმამ მამის საქმე ჩავიბარეთ და შედეგებსაც მივაღწიეთ.
- გამოდის, გამართული ბაღი ჩაიბარეთ.
- კი, მაგრამ მამას არ ჰქონდა ის შესაძლებლობები, რაც ჩვენ გვაქვს - ინტერნეტით სარგებლობა, საზღვარგარეთიდან ნერგების შემოტანა, ევროპულ სანერგეებთან კონტაქტები. ამერიკიდან და ევროპიდან იშვიათი ჯიშები შემოგვაქვს, ისეთი, რომლებიც ევროპაშიც იშვიათია. ამის სურვილი მამაჩემს კი ჰქონდა, მაგრამ შესაძლებლობა - ნაკლებად.
ბაღები ახალი ჯიშებით 80-90%-ით გავაახლეთ და ერთი მაგდენიც დავამატეთ. ვერ ვიტყვი, რომ შერჩეული ყველა ჯიში 100%-ით ამართლებს, ან განსაკუთრებით მომგებიანია, თუმცა სადღაც 80% მაინც არის იმ ფარგლებში, რა გათვლაც გვქონდა. ბაღების გაშენებას კვლავაც ვაგრძელებთ, ყოველ წელს ვამატებთ რამეს. მერე, დრო უნდა, რომ ყველაფერი წარმოებაში შევიდეს. თითო ნერგს 3-4 წელი სჭირდება, სრულყოფილად მსხმოიარე რომ გახდეს. ჩვენი ბაღის 30-40% დაახლოებით ამ სტადიაზეა.
- რა კულტურები გაქვთ?
- გვაქვს გარგარის 30-მდე ჯიში, ატმის 50 ჯიშამდე, ქლიავის საკმაო მრავალფეროვნება. ზოგი პლანტაციებად გვაქვს გაშენებული, ზოგი სადედე ხეებია, რომლებსაც ვაკვირდებით და შემდეგ დაკვირვების შესაბამისად ვიქცევით.
- ესე იგი, საექსპერიმენტო მიმართულებებიც გაქვთ.
- კი. მამაც სულ ეძებდა უცხო ჯიშებს, მაგრამ ეს პროცესი ახლა იმდენად სწრაფად ვითარდება ევროპაშიც, რომ ძალიან აქტიურად ვართ ჩართული. ვეცნობით სხვადასხვა ინტერნეტგვერდს, რომლებიც ახალი ჯიშების სელექციაზე წერენ. იქ ვეძებთ და ვიღებთ იმ ჯიშებს, რომლებიც მიგვაჩნია, რომ მომგებიანი იქნება.
კახეთის მიწა ძალიან ნაყოფიერია. ვერ ვიტყვით, რომ მთლად საადრეო კლიმატი გვაქვს, მაგრამ მსოფლიოში არის ქვეყნები, სადაც ცხელი კლიმატის გამო ხილი ადრე შემოდის და ადრეული ჯიშებიც აქედან გამომდინარეა. მოკლედ, მათგან შესაძლებელია გარკვეული ჯიშების შერჩევა. კახეთის მიწაზე ხილის 95% ამართლებს.
- საგაზაფხულო ყინვები ხელს არ გიშლით?
- კი, ადრეულ მიმართულებებს აზიანებს ხოლმე, თუმცა სხვადასხვა მეთოდით ვცდილობთ ყინვისგან მოსალოდნელი ზარალის შემცირებას. ამისთვის ასე ვიქცევით - ადრეულ ხილს გვიან ვსხლავთ, რომ დავაკვირდეთ. საზოგადოდ, ხის გაყვავილება ეტაპობრივია. როდესაც გაუსხლავია, შეიძლება ის ტოტები გაყვავილდეს, რომლებიც მერე მაინც შესაჭრელი იქნება. ასე ხილის რაღაც რაოდენობას მაინც ვინარჩუნებთ. ისეც ხდება, რომ ყინვამ 100%-ით გაგინადგუროს, მაგრამ ეს იშვიათია - 20-30 წელიწადში ერთხელ. ამ მეთოდით მოსავალი მაინც გადაგვირჩენია.
- ხარისხიანი ხილი გაქვთ, განსაკუთრებით კი ბრტყელი ატამი...
- გარგარისა და ატმის გარდა, გვაქვს ბალი, ქლიავი და როგორც აღნიშნეთ, ბრტყელი ატამი. ატამი საერთოდ ჩინური კულტურაა და ბრტყელიც ჩინეთიდანაა შემოსული. ბოლო დროს ხილის, მათ შორის ატმის განსხვავებული ჯიშები, სულ უფრო პოპულარული ხდება. ვაშლატამაც და ატმის სხვა სახეობებიც სელექციით არის გამოყვანილი. სასელექციო ხაზი კომუნისტების დროს კახეთშიც გვქონდა და ქართლშიც. დღეს ევროპაში და სხვაგანაც სელექციაზე აქტიურად მუშაობენ. მართალია, ყველა ისეთი არ გამოდის, როგორის სურვილიც აქვთ, მაგრამ 50-დან ხუთიც რომ გამოვიდეს, წარმოებაში უშვებენ. შემდეგ კი როგორც დაპატენტებულ ჯიშს ყიდიან. მერე ჩვენც ვნახულობთ და თუ მივიჩნევთ, რომ კარგი იქნება, ვყიდულობთ და ვაშენებთ.
- ბრტყელ ატამს ჩვენში ლეღვატამასა და ხინკალატამასაც ეძახიან...
- ეს ქართველების მოგონილი სახელებია, სინამდვილეში დონატი ჰქვია. ესპანელები პარაგვაოს ეძახიან და ასე - სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელი აქვს. ბრტყელი ატამი პირველად ჩვენ შემოვიტანეთ. მაშინ ხალხს ეგონა, რომ ეს ატამი დაავადებული იყო და არ ყიდულობდნენ. კარგა ხანს აკვირდებოდნენ, რა იყო. მერე მისმა გემოვანმა თვისებებმა თავისი გაიტანა და ისეთი პოპულარული გახდა, მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებდა. შესაბამისად, ჩვენც დავიწყეთ მისი სხვადასხვა ჯიშის გაშენება და ბევრმა სხვამაც. ექსპორტიორებიც ითხოვენ, მაგრამ ჯერ არ არის ისეთი რაოდენობა, რომ ექსპორტზე გავიდეს.
- როდის იწყება მისი მოვლა?
- ფოთლები რომ გასცვივდება, უკვე მზად არის ზედმეტი ტოტების მოსაკვეთად. ეს არის დანორმირება - გასხვლა, რათა მომავალ წელსაც მოგვცეს ნაყოფი და მოსავალი. დანორმირება მხოლოდ შემოდგომაზე არ ხდება. თუ შემოდგომაზე გავსხლავთ და იმაზე მეტი კვირტი შერჩება, ვიდრე ხეს შეუძლია ხარისხიანი პროდუქცია აწარმოოს, მერე საგაზაფხულო გასხვლაც სჭირდება. ამიტომ ზედმეტი ტოტების მოსაცილებელი გასხვლა ყვავილობის შემდეგ, საგაზაფხულოდაც გაგვიკეთებია. თუ კარგად დაყვავილდა, ყველა კვირტმა მოისხა, ნაყოფიც გაგვიცლია. ესეც დანორმირების პროცესია - თუ ნაყოფი პატარაა, დიდი ვერ გაიზრდება და მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს.
მოკლედ, ბრტყელ ატამს ისეთივე მოვლა უნდა, როგორიც ჩვეულებრივ ატამს. ყოველი ჯიშის ატმის მოსავლის აღება ათი დღიდან ორ კვირამდე გრძელდება. შემდეგ სხვა ჯიში შემოდის - ზოგი ივნისში იკრიფება, ზოგი ივლისში ან აგვისტოში. მთავარია, ხილი სხვადასხვა დროს გვქონდეს.
- რა რაოდენობით ხილს ყიდით?
- სეზონზეა დამოკიდებული - 250-300 ტონის ფარგლებში. ჩვენ ხილით საბითუმო ბაზრებს ვამარაგებთ, კერძოდ, დეზერტირებისა და ნავთლუღის ბაზრებს. ვკრეფთ, ვახარისხებთ და ვასაწყობებთ. შემდეგ ჩვენი სადისტრიბუციო მანქანებით ჩვენს თანამშრომლებს მიაქვთ. ორივე ადგილას გვყავს მუდმივი კლიენტები. ჩვენი კლიენტები არიან აგრომაღაზიებიც, თავის მხრივ, ისინი თბილისსა და ბათუმს ამარაგებენ.
- რა ფართობზეა ბაღები?
- 30 ჰექტარზე ცოტა მეტი გვაქვს. ვცდილობთ არ გავაშენოთ ერთი და იმავე ჯიშის დიდი პლანტაციები, რადგან ჯიშების მრავალფეროვნება გვაქვს. ჩვენი მიზანია ვაწარმოოთ ცოტა და მრავალფეროვნება გვქონდეს. საერთოდ, მინდა საქართველოში მრავალფეროვანი ხილი შემოვიდეს და ისეთი დაბალმარჟიანი მიმართულება ჩაანაცვლოს, როგორიც მეხილეობაა. ფერმერის შრომა და ასანაზღაურებელი ფასი ისე უნდა იყოს შეხამებული, რომ ფერმერს მოტივაცია ჰქონდეს, ახალი პლანტაციები გააშენოს და ქართული ბაზარი მოამარაგოს ქართული პროდუქციით. ამიტომაც მინდა ჩვენთან თანამედროვე ჯიშები შემოვიდეს და მიწები, რომლებიც ახლა უსარგებლოა, დაიტვირთოს, სამყოფი ხილი გაჩნდეს და ექსპორტზეც გავიდეს. იმდენი ადგილია, დამიჯერეთ, დიდ ქვეყნებსაც მოვამარაგებთ.
- გლეხები ხშირად თანამედროვე ტექნოლოგიებს, სიახლეებს გაურბიან ხოლმე...
- ეს მათი ბრალი არ არის, ნაკლები ინფორმაცია აქვთ და სადემონსტრაციო ნაკვეთებთანაც არა აქვთ შეხება. ძნელია რამის გაშენება, თუ თავად ნანახი არა გაქვს. ეგეც არ იყოს, გადაწყვეტილების მიღება ასაკიან ხალხს უჭირს, ჩვენთან კი ფერმერები უმეტესად ასაკიანები არიან. ახალი ბაღის გაშენება 5-7-წლიანი პროცესია. როდესაც ადამიანი ასაკშია, მისთვის ძნელია ასეთ გამოწვევასთან შეჭიდება. მე რისკიანი ვარ და კიდეც რომ ვიზარალო, რისკზე მაინც მივდივარ, ექსპერიმენტებს არ ვერიდები. მოკლედ, მუდმივად ვცდილობთ და ვეძებთ ახალ-ახალ ექსკლუზიურ ვარიანტებს. დასახული მიზნიდან გადახვევას არ ვაპირებთ.
bpn.ge