„ხმება კივი და არ ვიცით, როგორ ვუმკურნალოთ“ - ასოციაცია

კივი

„გასულ წელთან შედარებით წლევანდელი მოსავალი დაახლოებით 20-30%-ით მცირე იქნება“ - როგორც კივის მწარმოებელთა ასოციაციის დამფუძნებელმა, დემურ ფიფიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა, ამის მიზეზი პროდუქტის ფესვთა სისტემის ავადმყოფობაა.

„გასულ წელთან შედარებით წლევანდელი მოსავალი დაახლოებით 20-30%-ით მცირე იქნება, ამის მიზეზი კივის ფესვთა სისტემის ავადმყოფობაა, რომელიც დიდი ალბათობით, კალიიდან გავრცელდა. მკურნალობაზე გვყავდნენ კვლევითი ინსტიტუტიდან წარმომადგენლები, რომლებმაც აიღეს ნიმუშები, მაგრამ საბოლოოდ ვერაფერი დაადგინეს. ხმება კივი და არ ვიცით, როგორ ვუმკურნალოთ“, - განაცხადა დემურ ფიფიამ.

მისი თქმით, წელს ხილის ექსპორტზე გატანაც, გასულ წელთან შედარებით, მცირე მოცულობით იქნება შესაძლებელი.

„ექსპორტზე გატანას ვგეგმავთ დაახლოებით 200 ტონას, თუმცა შარშანდელთან შედარებით (250 ტონა) ეს მოცულობა ნაკლებია. ჩვენი ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნებია იაპონია და გერმანია. მაგალითად, იაპონია ევროპის არცერთი ქვეყნიდან არ ყიდულობს კივს, რადგან ჩვენი კივი უფრო მოსწონს. ახალი ზელანდიის შემდეგ, ჩვენი პროდუქტი არის მეორე ადგილზე, მაგრამ ამ ფაქტს ყურადღება არ ექცევა და ეს ძალიან ცუდია. უნდა დაინტერესდეს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, კვლევითი ინსტიტუტები, მაგრამ რეაგირება არსაიდან არ არის“, - აღნიშნავს ასოციაციის ხელმძღვანელი.