ქართული ჟოლოს გადარჩენის ერთადერთი გზა ექსპორტზე გასვლაა - როიალბერი

ჟოლო

გორში მდებარე საწარმო „როიალბერის“ ხელმძღვანელი გიორგი ციცქიშვილი წარმოებაში არსებულ სირთულეზე საუბრობს. როგორც იგი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ადგილზე კონკურენციის კუთხით გარკვეული პრობლემაა, რის გამოც ქართული პროდუქტის რეალიზაცია ჭირს.

ასეთ სიტუაციაში, როგორც ციცქიშვილი აღნიშნავს, საუკეთესო გამოსავალია ექსპორტზე გასვლა, რასაც არ გამორიცხავს, თუმცა დეტალებს ჯერჯერობით ვერ აზუსტებს.

„მიმდინარე პერიოდში წარმოებაში დიდი ჩავარდნა გვაქვს.  შარშან უამინდობამ დაგვაზარალა და მოსავლის დაახლოებით 85% გაგვინადგურდა.  წელს დიდი დაბრკოლებაა  იმპორტი, ვინაიდან უკრაინული ჟოლო, პოლონეთის საშუალებით,  დიდი რაოდენობით და იაფად შემოდის. ჩვენი პროდუქტი  მას კონკურენციას ვერ უწევს. უკრაინული ჟოლოს საიმპორტო ფასი 2,5 ევროა და ბაზარზე 7-8 ლარის ფარგლებში იყიდება. ამდენი ჩვენ თვითღირებულება გვიჯდება. ასეთ სიტუაციაში გვიწევს ან წარმოება გავაჩეროთ ან ექსპორტისკენ ავიღოთ გეზი. კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიგვიღია, ამიტომ სხვა დეტალებზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებთ“, -  აცხადებს გიორგი ციცქიშვილი.

როგორც „როიალბერის“ ხელმძღვანელი აღნიშნავს, დიდი დაბრკოლებაა მუშახელთან დაკავშირებითაც, რაც ასევე დამატებით პრობლემას ქმნის წარმოებაში.

"მუშახელის დიდ დეფიციტს განვიცდით. რეალურად არ ვიცი, რა იწვევს ასეთ მდგომარეობას, მოსახლეობის დიდი ნაწილი დასაქმებაზე ჩივის და ჩვენ კადრს ვერ ვშოულობთ. ამ დროს გამოსავალია იაფი მუშახელის გარედან შემოყვანა, განვიხილავთ ჩინელებს, მაგრამ მაშინ საცხოვრებელი პირობები უნდა შევთავაზოთ, რის შესაძლებლობაც ჯერჯერობით არ გვაქვს“, - აცხადებს ციცქიშვილი.

ცნობისთვის, „როიალბერი“ ბაზარზე 2017 წლიდანაა. კომპანიის საკუთრებაშია  10 ჰექტარზე  გაშენებული ჟოლოს ბაღი და სამაცივრე მეურნეობა, რომლის ტევადობა  200 ტონაა. ჟოლოს წლიური წარმოება 40 ტონამდეა.  პროდუქტის ძირითადი მომხმარებელი საკონდიტრო კომპანიებია.

„როიალბერი“ აქტიურ სეზონზე 25 ადამიანს ასაქმებს.