წინასწარი მონაცემებით, მეცხოველეობაში წარმოების შემცირებაა

ferma

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის მეორე კვარტლის ბოლოსთვის, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 5.6% არის შემცირებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა და ის 929.7 ათას სულს შეადგენს.

2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, 2.0%-ით არის შემცირებული ფურისა და ფურკამეჩის ერთიანი ოდენობა და ის 446.5 ათას სულს შეადგენს.  21.2%-ით შემცირდა ღორის რაოდენობა, 161.8 ათასი სული - ასეთია წლევანდელი წლის მეორე კვარტლის მონაცემები.

მცირედით, 0.6%-ით გაიზარდა ფრინველის რაოდენობა - 10.9 მილიონი ფრთა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 206.0 მილიონი ლიტრი იყო რძის წარმოება 2023 წლის მეორე კვარტალში, 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, 5.6%-ით მეტი.

გასული წლის ანალოგიურ მონაკვეთთან შედარებით, 8.2%-ით ნაკლები - 17.3 ათასი ტონა შეადგინა ხორცის წარმოებამ. ამავე პერიოდში, წარმოებულია 161.4 მილიონი კვერცხი, 5.3%-ით ნაკლები, ვიდრე წინა წელს.