ნახევარი მლრდ-ის ვალი - მიქაუტაძის გუნდი საფრანგეთის უმაღლესი ლიგიდან მოკვეთეს

სპორტი 1750831124
ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე

გიორგი მიქაუტაძის გუნდი - „ლიონი“, ფინანსური პრობლემების გამო, საფრანგეთის უმაღლესი ლიგიდან რანგით მე-2 დივიზიონში დააქვეითეს.

საფრანგეთის მენეჯმენტის კონტროლის ეროვნულმა დირექტორატმა (DNCG) გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჩათვალა, რომ კლუბის ბალანსზე არსებული ვალდებულებები იმაზე მეტია, ვიდრე ლიონელთა ფინანსური და კომერციული პოტენციალი, ამ მასშტაბის ვალდებულება გაისტუმრონ. კერძოდ, საუბარია 505 მლნ ევროს ოდენობის ვალზე.

სამართლებრივი გადაწყვეტილება 24 ივნისის საღამოს გამოცხადდა, ლიონელებს კი მისი გასაჩივრების საშუალება 7 დღის ვადაში ექნებათ, რასაც, უდიდესი ალბათობით, გააკეთებენ კიდეც.

აღსანიშნავია, რომ „ლიონი“ დაქვეითების საფრთხის წინაშე 2024 წლის ზაფხულშიც იდგა, თუმცა მაშინ პრობლემების მოგვარება მოხერხდა.

მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ის გასულ სეზონში 34 მატჩი ჩაატარა - 11 გოლი და 6 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში, ევროპა ლიგის 11 შეხვედრაში კი 4 გოლი და 5 ასისტი ჰქონდა.