რამდენი გამოიმუშავა ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირას დამარცხებით

სპორტი 1751181819
თოფურია

ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონია. მან UFC 317-ზე ბრაზილიის სახელით მოასპარეზე ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველმა მებრძოლმა შეხვედრა პირველივე რაუნდში ნოკაუტით მოიგო. MMA Fighting-ის ინფორმაციით, შესრულებული ნოკაუტით თოფურიამ საღამოს საუკეთესო პერფორმანსისთვის ბონუსის სახით დამატებით 50 ათასი დოლარი მიიღო.

შეგახსენებთ, ილია თოფურია 2024 წლის თებერვალში ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ UFC-ს ქვემსუბუქი დივიზიონის (65კგ) ჩემპიონი გახდა. აღნიშნული ტიტული მან ოქტომბერში მაქს ჰოლოვეისთან შეხვედრაში დაიცვა.

ამასთანავე, თოფურიას ჰოლოვეისთან შეხვედრის შემდეგ არ უბრძოლია. რაც შეეხება მის მოწინააღმდეგეს, ჩარლზ ოლივეირასთვის დღევანდელი ბრძოლა ნოემბრის შემდეგ ასევე პირველი იყო.

რამდენი გამოიმუშავა ილია თოფურიამ

UFC-ზე გამარჯვება ტიტულთან ერთად, სოლიდურ შემოსავლებთანაც ასოცირდება. ასე მაგალითად, 2024 წლის თებერვალში როცა თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და ქამარი მოიპოვა 482 ათასი დოლარი გამოიმუშავა.

ოქტომბერში კი მან მაქს ჰოლოვეის დამარცხებითა და ტიტულის შენარჩუნებით დაახლოებით 3.9 მილიონი დოლარი მიიღო. ამ მონაცემების ანალიზის საფუძველზე Marca წერს, რომ დღევანდელი გამარჯვებით ილია თოფურია მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებს და შესაძლოა, 4 მილიონსაც კი მიაღწიოს.

ინფორმაციისთვის, MMA სპორტსმენების შემოსავლები დამოკიდებულია როგორც საბაზისო ჰონორარზე, ასევე, სასპონსორო ბონუსებზე და საუკეთესო შესრულებისთვის ბონუსის ოდენობაზე. ამასთანავე, თანხას ემატება PPV (pay-per-view), იგივე სამაუწყებლო გაყიდვების პროცენტული წილი.