1746684883
ადამიანები, რომლებიც საკუთარ “ტუალეტის ქაღალდს“ ზრდიან - კენიის ეკოლოგიური მიდგომით მსოფლიო ინტერესდება

მსოფლიოში ქაღალდის წარმოებისთვის ყოველწლიურად მილიონობით ხე იჭრება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა კენიაში, ქალაქ მერუში, უკვე წლებია უფრო ეკოლოგიურად ეფექტურ გზას მიმართავენ და ამისთვის საკუთარ ხეს ზრდიან.
ფოთლოვანი მცენარეს Plectranthus barbatus-ს მერუში მცხოვრები ბენჯამინ მუტემბეი არა საკვებად, არამედ ტუალეტის ქაღალდად გამოსაყენებლად ზრდის. ამ მცენარის მოშენება მან 1985 წელს დაიწყო. „მის შესახებ ბაბუაჩემისგან გავიგე და მას შემდეგ ვიყენებ“, - ამბობს ის.
Plectranthus barbatus არის ფოთლოვანი მცენარე, რომელიც 2 მეტრამდე იზრდება. მისი ფოთლები სამრეწველო ტუალეტის ქაღალდის კვადრატის ზომისაა და პიტნის, ლიმონის სურნელს გამოყოფს.
ფოთლებს აქვს რბილი ტექსტურა. ეს მცენარე ხარობს თბილ ტროპიკულ გარემოში და ფართოდ იზრდება მთელ აფრიკაში.
"ეს მცენარე აფრიკაში დიდი ხანია არსებობს და ჩემს ოჯახში ყველა იყენებს მას. თანამედროვე ტუალეტის ქაღალდის რულონებს მხოლოდ მას შემდეგ ვყიდულობ, რაც ყველა ფოთოლი მოწყვეტილია", - ამბობს მუტემბეი.
მუტემბეის და მისი სამეზობლოს გამოცდილებით მსოფლიოს უამრავი სტარტაპი დაინტერესდა. ისინი ცდილობენ ტექნოლოგია დაამუშაონ და მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა, თანაც იაფი ალტერნატივა შესთავაზონ.
ამავდროულად, ბოლო დროს, ბევრი სხვა საქონლის მსგავსად, ტუალეტის ქაღალდის ფასები აფრიკაში გაიზარდა, რადგან ნედლეული ძირითადად იმპორტირებულია. კენიის მწარმოებელთა ასოციაციის თანახმად, ნედლეულის ხარჯები ამჟამად კენიაში ქაღალდის პროდუქტების საბოლოო ღირებულების 75-80%-ს შეადგენს. ხოლო, გარემოზე ზემოქმედების საკონსულტაციო კომპანია Edge-ის კვლევის მიხედვით, ტუალეტის ქაღალდის დასამზადებლად, მსოფლიოში ყოველწლიურად მილიონამდე ხე იჭრება.
“მერქნისა და ქაღალდის ინდუსტრია მსოფლიოში ხის ყველაზე დიდი მომხმარებელია, რომელიც ქაღალდის დასამზადებლად მოსავლის დაახლოებით 35%-ს იყენებს. ეს იწვევს ტყეების განადგურებას, ბიომრავალფეროვნების დაკარგვას, ნიადაგის ეროზიას, სახეობების გადაშენებას და ეკოსისტემის ფართო რღვევას,“ - ნათქვამია Ethical Consumer-ის ბოლო მოხსენებაში ეთიკური ტუალეტის ქაღალდის შესახებ.
კენიის ეროვნული მუზეუმების მცენარეების სპეციალისტი მარტინ ოდჰიამბო, რომელიც სპეციალიზებულია მცენარეებზე, თვლის, რომ ტუალეტის ქაღალდის დასამზადებლად მოჭრის ალტერნატივა სწორედ კენიაში დაიბადა.
"Plectranthus barbatus არის აფრიკული ტუალეტის ქაღალდი. დღეს ბევრმა ახალგაზრდამ არ იცის ამ მცენარის შესახებ, მაგრამ მას აქვს პოტენციალი იყოს ტუალეტის ქაღალდის ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივა", - ამბობს ის.
Plectranthus barbatus მოჭრიდან 1-2 თვეში სრულ სიმაღლეს აღწევს, ხოლო თავად ჭრა დაახლოებით 50 კენიური შილინგი ღირს (0,37 აშშ დოლარი).
მცენარის პოტენციალის შესწავლა სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს.
გარემოსდაცვითი აქტივისტი რობინ გრინფილდი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, აცხადებს, რომ უკვე ხუთი წელია Plectranthus barbatus-ის ფოთლებს იყენებს.
გრინფილდი აწარმოებს ინიციატივას "გაზარდე შენი საკუთარი ტუალეტის ქაღალდი" და ფლორიდაში, თავის სანერგეში 100-ზე მეტ Plectranthus barbatus მცენარეს ზრდის. ის ნერგებს მსურველებს უფასოდ ჩუქნის.
წყარო: bbc.com