აშშ-მ $10 მილიონამდე ჯილდო დააწესა რუსულ ჰაკერულ ჯგუფ RaHDit-ზე ინფორმაციის სანაცვლოდ

მსოფლიო 1725525081
ჰაკერი

$10 მილიონამდე ჯილდო რუსულ ჰაკერულ ჯგუფ „RaHDit"-ზე ინფორმაციის სანაცვლოდ - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი „RaHDit"-ის, მასთან დაკავშირებული პირებისა და სუბიექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში სოლიდურ ფულად ჯილდოს გადაიხდის.

აღნიშნული ჰაკერული ჯგუფი დაკავშირებულია რუსულ სახელმწიფო მედიასაშუალება „RT"-სთან და რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან. მისი ხელმძღვანელი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB)-ს ოფიცერი ალექსეი გარაშჩენკოა.

დეპარტამენტის ცნობით, „RaHDit"-ს აქვს სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო პროცესში ჩარევის ისტორია. ამასთანავე, კიბერშეწყობილი გავლენის ოპერაციებით, ჯგუფი აღიქმება ჩარევის მცდელობის საფრთხედ აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

"თუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია „RaHDit"-ის, მასთან დაკავშირებული პირებისა და სუბიექტების, ან რუსული მთავრობისგან მართულ მცდელობებზე, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ის არჩევნებში ჩარევას, დაუკავშირდით სახელმწიფო დეპარტამენტს Signal-ის, Telegram-ის, WhatsApp-ის ნომერზე: +1-202-702-7843 ან დაცული ბმულიდან, რომელიც წითლადაა მითითებული პოსტერზე. თქვენმა ინფორმაციამ, შესაძლოა, მოგცეთ ჯილდოსა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლის უფლება", - წერს უწყება.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს მიერ სანქცირებული ჰაკერების და პროპაგანდისტების სიაში RaHDit-იცაა 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის.

აშშ-ის სანქციების ქვეშ მოყვნენ RT-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი, მისი მოადგილეები ელიზავეტა ბროდსკაია და ანტონ ანისიმოვი, ინგლისურენოვანი მაუწყებლობის დირექტორის მოადგილე ანდრეი კიაშკო, ციფრული მედია პროექტების ხელმძღვანელი კონსტანტინ კალაშნიკოვი და მისი ქვეშევრდომი ელენა აფანასიევა.