იაპონიაში მატარებლის სადგური 3D-პრინტერით დაბეჭდეს

მსოფლიო 1744872054
სადგური

იაპონია პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური ქვეყანაა, რომელშიც არაერთი ტექნოლოგიური გიგანტი დაფუძნებულა. ამ ბედს იაპონიასთან ერთად სხვა დიდი ქვეყნებიც იზიარებენ, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია ან თუნდაც სამხრეთ კორეა, მაგრამ ყველა ამ ქვეყნისგან იაპონიას ის გამოარჩევს, რომ ტექნოლოგიური პროგრესი ამ ქვეყანას და მის მოსახლეობას დნმ-ში აქვს. ამაზე მიუთითებს იაპონიის ერთ პატარა, მყუდრო ქალაქში არსებული თეთრი შენობა, რომელმაც მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.

მომცრო შენობა, რომელსაც ვაკაიამას პრეფექტურის ქალაქ არიდაში ვხვდებით, მიმზიდველია არა მისი მასშტაბით ან არქიტექტურით, არამედ მშენებლობის პროცესით, რადგან ეს პირველი მატარებლის სადგურია, რომელიც 3D-პრინტერის გამოყენებითაა აშენებული. ჰაცუშიმას სადგური, რომლის ფართობი სულ რაღაც ათი კვადრატული მეტრია, “დასავლეთ იაპონიის სარკინიგზო კომპანიამ” ააშენა, თანაც ექვს საათზე ნაკლებ დროში ანუ იმ ფანჯრის დროს, რომელიც ღამის ბოლო მატარებლის გასვლას და დილის პირველი მატარებლის მოსვლას შორის არსებობს.

თავად პროექტი Serendix-მა შეასრულა, რომელიც 3D-პრინტერით შესრულებულ მშენებლობაზე ორიენტირებული იაპონური სტარტაპია. სადგურის ნაწილები კუმამოტოს პრეფექტურაში, სპეციალური დუღაბის გამოყენებით დაიბეჭდა, შემდეგ კი ფიზიკურად გადამოწმდა და ფოლადით და ბეტონით გამყარდა, რაც მთელი ამ კონსტრუქციის მიწისძვრისადმი ისეთივე მედეგობას უზრუნველყოფს, როგორიც რკინა-ბეტონის კონსტრუქციებს აქვთ. მოგვიანებით, ნაწილები ჰაცუშიმას სადგურის ტერიტორიაზე მიიტანეს და LEGO-სავით ააწყვეს.

ახალმა სადგურმა გაცილებით დიდი ზომის ხის შენობა ჩაანაცვლა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას 75 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ემსახურებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ძველი სადგური ისტორიულად ღირებული იყო, მისი მოვლა და განახლება სოფლის პირობებში ძალიან ძვირი ხდებოდა. ეს პრობლემა, რომელსაც მთელ იაპონიაში აწყდებიან, დაკავშირებულია, როგორც რთულ გეოგრაფიულ მდებარეობასთან, ასევე მშენებლობის გაზრდილ ხარჯებთან და კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტთან, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე შეინიშნება.

მაშ, რატომაა იაპონიის ერთ პატარა ქალაქში არსებული ეს სადგური ასეთი მნიშვნელოვანი? რეალურად, ჰაცუშიმას პროექტის მნიშვნელობა ადგილობრივ მასშტაბებს სცილდება, რადგან ტრადიციული მეთოდით სადგურის აშენებას ორი თვე მაინც დასჭირდებოდა. ახალი სადგური კი ერთ ღამეში აშენდა, ხოლო მისი ნაწილების დაბეჭდვას, კუმულაციურად, მხოლოდ შვიდი დღე დასჭირდა. ამასთან, ახალი სადგური ორჯერ იაფი დაჯდა, ვიდრე იგივე ზომის რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მქონე შენობა. ამ პროექტში რამდენიმე ადამიანი იყო ჩართული, რაც ამ ტიპის მშენებლობას მოდალურს ხდის, ანუ მისი მასშტაბირება უპრობლემოდაა შესაძლებელი.