1755585720
მეგონა, ამ ომს სწრაფად დავასრულებდი. თურმე ეს ასე მარტივიც არ ყოფილა - დონალდ ტრამპი

დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებების დაწყებამდე დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში პრესკონფერენცია გამართეს.
ამერიკის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას მოსვლისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ოვალურ კაბინეტში ზელენსკის მიღება მისთვის პატივია. ამის შემდეგ ტრამპმა არსებული ვითარება მოკლედ შეაფასა.
"ბოლო პერიოდში ჩვენ არაერთი კარგი მოლაპარაკება გავმართეთ და სხვადასხვა მიმართულებით საკმაო პროგრესსაც მივაღწიეთ. შესანიშნავი შეხვედრა მქონდა რუსეთის პრეზიდენტთან ცოტა ხნის წინ და მგონია, რომ რაღაც შედეგს დავდებთ." - განაცხადა მან.
ამერიკის პრეზიდენტმა NATO-სა და ევროპის მოწვეულ ლიდერებსაც გადაუხადა მადლობა და აღნიშნა, რომ მათთან ძალიან საინტერესო შეხვედრა ექნება.
ამის შემდეგ ტრამპმა ამერიკა-უკრაინა-რუსეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრის საკითხი წამოაყენა და ზელენსკისგან ინიციატივაზე სრული თანხმობა მიიღო.
"ვფიქრობ, თუ დღეს ყველაფერი კარგად წარიმართება, შემდეგ ჯერზე სამმხრივ შეხვედრას მოვაწყობთ. მგონია, რომ ომის დასრულება სწორედ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი". - აღნიშნა ტრამპმა.
შტატების ლიდერმა ბოლო პერიოდში მის მიერ დასრულებული ომებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მისთვის ყველაზე რთულად მოსაგვარებელი აღმოჩნდა.
"პრეზიდენტობის პერიოდში მე არაერთი ომი შევაჩერე. გაიხსენეთ ტაილანდი და კამბოჯა, ინდოეთი და პაკისტანი. სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ ამ ომსაც მარტივად დავასრულებდი. თურმე ეს ასე მარტივიც არ ყოფილა". - თქვა ტრამპმა
ამერიკის პრეზიდენტს ჟურნალისტებმა არაერთი მნიშვნელოვანი კითხვა დაუსვეს. უპირველეს ყოვლისა, დაისვა საკითხი, იქნებოდა თუ არა ამერიკის მიერ უკრაინისთვის NATO-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიის ნაწილი ფრონტის ხაზზე ამერიკელი მშვიდობისმყოფელების განლაგება.
ამ კითხვას ტრამპმა პირდაპირ არ უპასუხა და თქვა, რომ ამ კითხვაზე პასუხს მედიას შეხვედრების დასრულების შემდეგ გააცნობდა.
ამის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტს ჰკითხეს, იყო თუ არა დღევანდელი შეხვედრა გადამწყვეტი, რაზეც ტრამპმა განაცხადა - "დღევანდელი დღე გზის დასასრული არ არის. ადამიანები იხოცებიან და ჩვენ ეს უნდა შევაჩეროთ."
შტატების ლიდერმა ცეცხლის შეწყვეტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ უფრო მნიშვნელოვანი სამშვიდობო შეთანხმების დადებაა.
"მე მომწონს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ეს ადამიანების ხოცვას აჩერებს. არ აქვს მნიშვნელობა, ერთი კვირით თუ ორით. თუმცა სამშვიდობო შეთანხმება ამ ამბავს საბოლოოდ დაასრულებს. ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობას მხარეები გადაიარაღებისა და ბრძოლის განახლებისთვის იყენებენ, ეს კი ხალხის კვლას ბოლოს არ მოუღებს." - აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, უკრაინაში ამერიკული ჯარების განთავსების შესახებ შეკითხვაზე დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„შესაძლოა, ამის შესახებ დღეს, მოგვიანებით გაცნობოთ. დიდებული ქვეყნების შვიდ შესანიშნავ ლიდერს ვხვდებით და ამასაც განვიხილავთ. ისინი ყველანი ჩართულები იქნებიან და ბევრი დახმარება იქნება“, - უპასუხა დონალდ ტრამპმა.
ამერიკის პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში შეხვედრისას აქამდე უცნობი ინფორმაციაც გააჟღერა. როგორც გაირკვა, თეთრი სახლის სამიტის დასრულების შემდეგ ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დაურეკავს და მიღწეული შედეგის შესახებ ინფორმაციას გააცნობს.
„ახლახან პრეზიდენტ პუტინთან არაპირდაპირი საუბარი მქონდა. დღევანდელი შეხვედრების შემდეგ სატელეფონო საუბარი გვექნება. შესაძლოა სამმხრივი შეხვედრაც გვქონდეს, თუ არ გვექნება, მაშინ ბრძოლა გაგრძელდება. თუ შეხვედრა შედგება, მაშინ დიდი შანსია, რომ ამას დავასრულებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპი ამბობს, რომ პუტის სურს დაასრულოს ომი.