1734604471
რა ქონებასა და ბიზნესებს ფლობენ Beyoncé და Jay-Z
Forbes-ის თანახმად, მიმდინარე წლის მაისის მდგომარეობით, Beyoncé-ს ქონება 760 მილიონ დოლარად არის შეფასებული. გამოცემა წერს, რომ გასულ წელს Renaissance World Tour-ის შემდეგ მომღერლის ქონება 100 მილიონი დოლარით გაიზარდა.
გარდა მუსიკალური კარიერისა, მომღერალი დაკავებულია ბიზნესსაქმიანობით. მაგალითისთვის, Beyoncé ფლობს საკუთარ ტანსაცმლის ხაზს, თმის მოვლის, პარფიუმერიის, ვისკისა და სხვა ბიზნესებს, საიდანაც მილიონებს გამოიმუშავებს.
Investopedia წერს, რომ 2010 წელს Beyoncé-მ დააარსა კომპანია Parkwood Entertainment, რომელსაც იყენებს ფილმების, მუსიკისა და ტანსაცმლის წარმოებისთვის. კომპანიის მიერ შექმნილი პროექტები მოიცავს ფილმებს Cadillac Records, Obsessed, Life Is But a Dream და Renaissance: A Film by Beyonce.
ამასთანავე, მომღერალი ფლობს Ivy Park-ის ტანსაცმლის ხაზს. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია adidas-სთან თანამშრომლობდა და წარმოადგენდა სპორტულ ტანსაცმელს, თუმცა მათი გზები 2023 წელს გაიყო. Ivy Park-მა 2021 წელს 93 მილიონი დოლარი, ხოლო 2022 წელს 40 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
მომღერალმა 2023 წლის ნოემბერში გამოუშვა სუნამო Cé Noir, რომლის ერთი ბოთლის ღირებულებაც 160 დოლარს შეადგენს. წელს კი მან დააფუძნა თმის მოვლის ბრენდი Cécred, რომელიც აერთიანებს შამპუნებს, სამკურნალო საშუალებებს, კონდიციონერებსა და ა.შ.
ამასთანავე, მომღერალი არაერთი ცნობილი ბრენდის სახეა. მაგალითისთვის, 2012 წელს PepsiCo-სთან 50 მილიონი დოლარის კონტრაქტი გააფორმა. 2019 წელს 60 მილიონიანი კონტრაქტი დადო Netflix-თანაც.
2023 წლის ივლისში მომღერალმა განაცხადა პარტნიორობის შესახებ LVMH-ის კუთვნილ Tiffany&Co.-თან, სახელწოდებით The Return to Tiffany x Beyoncé Collection. მედიის ცნობით, გაყიდვიდან მიღებულ მოგება გადაეცემა About Love სასტიპენდიო პროგრამას, რომელიც Beyoncé-ს BeyGood ფონდის ნაწილია.
2024 წლის აგვისტოში მომღერალმა გამოუშვა ვისკის საკუთარი ბრენდი SirDavis, LVMH-ის შვილობილ კომპანია Moet Hennessy-თან პარტნიორობით.
Forbes-ის მონაცემებით, მომღერლის მეუღლე Jay-Z-ის ქონება 2.5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. გამოცემა წერს, რომ Jay-Z პირველი რეპერია, ვინც Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მოხვდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ Jay-Z-ის ტურებით ერთ ღამეში, როგორც წესი, 1 მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებს. მან უფრო მეტი ფული გამოიმუშავა ალბომებისა და სინგლების გაყიდვებიდან, ვიდრე სხვა შემსრულებლების უმეტესობამ.
რეპერის ქონების უდიდესი ნაწილი ალკოჰოლური სასმელების ბიზნესს უკავშირდება. მაგალითისთვის, Jay-Z-მ 2021 წელს კომპანია LVMH-ს სულ მცირე 300 მილიონ დოლარად მიყიდა შამპანურის ბრენდის, Armand de Brignac-ის 50%-იანი წილი.
ამასთანავე, 2023 წელს რეპერმა D'Usse-ის კონიაკის ბრენდის წილების უდიდესი ნაწილი 750 მილიონ დოლარად მიჰყიდა Bacardi-ის.