1753441935
რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს Evolution Georgia-ს? - კომპანიის ანგარიში

Evolution Georgia, რომელიც აზარტული თამაშების შვედური კომპანია Evolution Gaming-ის შვილობილია, 2024 წლის ფინანსურ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს კომპანიის შემოსავალი 2 მილიონი ლარით, 203 მილიონ ლარამდე, წმინდა მოგება კი 1 მილიონი ლარით, 15 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, Evolution Gaming-ს ყველაზე მეტი, 5.8 ათასი დასაქმებული საქართველოში ჰყავს, თუმცა თანამშრომელთა რიცხვი 2023 წელთან შედარებით ათასით არის შემცირებული, რაც კომპანიასა და დასაქმებულებს შორის განვითარებულ შრომით დავას უკავშირდება, რის შემდეგაც კომპანიამ საქართველოში საქმიანობის შემცირების და სომხეთში მისი გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, კომპანიის გლობალური სამუშაო ძალიდან ყველაზე მეტი დასაქმებული კვლავ საქართველოში არის კონცენტრირებული.
თავად Evolution Gaming-ის გლობალური შემოსავალი 2024 წელს 400 მილიონი ევროთი, ანუ 22%-ით გაიზარდა და 2.2 მილიარდი ევრო შეადგინა. 240 მილიონით გაიზარდა კომპანიის წმინდა მოგება, რაც 1.24 მილიარდ ევროს შეადგენდა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის უშუალოდ ქართულმა შვილობილმა, "ევოლუშენ ჯორჯიამ" თანამშრომელთა ხელფასებზე გასულ წელს 133 მილიონი ლარი დახარჯა, რაც ერთ დასაქმებულზე წლიურად საშუალოდ 22,800 ლარს, თვეში 1900 ლარს ნიშნავს, ხოლო საშემოსავლო გადასახადის 20%-ის გარეშე საშუალო ხელფასი 1518 ლარია, რაც წლიურად დაახლოებით 200 ლარით გაზრდილი ანაზღაურება იყო.
Evolution-ი აზარტული თამაშების ონლაინ კომპანიებს ონლაინ კაზინოს სერვისს სთავაზობს, რაც გულისხმობს მათ ვებგვერდებზე ლაივკაზინოს ტექნიკურ უზრუნველყოფას და ადამიანური კაპიტალით უზრუნველყოფას. კომპანიას აქვს სტუდიები, საიდანაც მსოფლიოს სხვადასხვა კაზინოსთვის მრავალენოვანი კაზინოს სერვისის მიწოდება ხდება. შესაბამისად, Evolution-ი აზარტული თამაშების სექტორში ოპერირებს, მაგრამ თავად ის კაზინოს არ წარმოადგენს.
ქვეყნების მიხედვით, Evolution-ის დასაქმებულთა რიცხვი ასე ნაწილდება:
საქართველო - 5,838 დასაქმებული;
ლატვია - 3,396 დასაქმებული;
აშშ - 3,017 დასაქმებული;
მალტა - 1,554 დასაქმებული;
ესპანეთი - 1,263 დასაქმებული;
სომხეთი - 983 დასაქმებული;
რუმინეთი - 941 დასაქმებული;კანადა - 852 დასაქმებული;ბულგარეთი - 257 დასაქმებული;შვედეთი - 209 დასაქმებული;პოლონეთი - 163 დასაქმებული;ტაივანი - 72 დასაქმებული.