საბერძნეთში სიცხეების გამო გარე სამუშაოები აიკრძალა

მსოფლიო 1753270570
საბერძნეთი - სიცხე

საბერძნეთის ხელისუფლებამ დღის ყველაზე ცხელ საათებში გარკვეული სახის სამუშაოს შესრულება აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას Express ავრცელებს.

საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, მომდევნო კვირაში ქვეყანაში ძლიერი სიცხის ტალღა არის მოსალოდნელი, რომლის პიკური ტემპერატურა 44°C-ს მიაღწევს. ამ ფონზე საბერძნეთის შრომის სამინისტრომ გამოსცა დადგენილება, რომელიც ქვეყნის ზოგიერთ რაიონში 12:00-იდან 17:00 საათამდე ღია ცის ქვეშ ფიზიკურ მუშაობას პირდაპირ კრძალავს.

აკრძალვა, განსაკუთრებით, სამშენებლო და კურიერების სამუშაოს ეხება (საავტომობილო კურიერების გარდა). ნებისმიერი კომპანია, რომელიც თანამშრომლებს ამ აკრძალვის დარღვევას აიძულებს, თითოეულ ასეთი თანამშრომლისთვის 2000 ევროთი დაჯარიმდება.

ამასთან, საბერძნეთის მთავრობა დამსაქმებლებს მოუწოდებს, პერსონალი შეძლებისდაგვარად დისტანციურ სამუშაოზე გადაიყვანონ.

ზოგადად, ასეთი შეზღუდვები საბერძნეთში ბოლო წლებში მოხშირდა. მაგალითად, საბერძნეთის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა, აკროპოლისი ივლისის დასაწყისში სიცხეების გამო ტურისტებისთვის რამდენიმე დღით დაიხურა, რაც გასულ წელსაც მოხდა.