რას ითხოვს პუტინი ომის დასრულების სანაცვლოდ

მსოფლიო 1718430328
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

რუსეთი შეაჩერებს ომს უკრაინაში, თუ კიევი დათანხმდება უარი თქვას ნატოს ამბიციებზე და დათმობს იმ ოთხ რეგიონს, რომელზეც მოსკოვი პრეტენზიას აცხადებს - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შვეიცარიაში სამშვიდობო კონფერენციის წინა დღეს(რომელსაც რუსეთი არ ესწრება), პუტინმა ეს მოთხოვნები წამოაყენა. მას სურს, რომ უკრაინამ უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე და რუსეთს დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონი და ზაპორიჟიე გადასცეს. მას ასევე სურს, შეწყდეს დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და მოხდეს უკრაინის დემილიტარიზაცია და „დენაციფიკაცია“. აღნიშნული მოთხოვნები მალევე უარყო კიევმა და ამ მოთხოვნებს "აბსურდი" უწოდა.

„ის სთავაზობს უკრაინას, აღიაროს დამარცხება და დათმოს თავისი ტერიტორიები“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა. 

„ეს არის ულტიმატუმური მესიჯები, რომლებიც არაფრით განსხვავდება წარსული შეტყობინებებისგან“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ საინფორმაციო არხთან ინტერვიუში.

ამ თემასთან დაკავშირებით, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ „პუტინს არ შეუძლია უკარნახოს უკრაინას რა უნდა გააკეთოს მშვიდობის დასამყარებლად“.

პუტინის თქმით, „პირობები ძალიან მარტივია“. მშვიდობის უზრუნველსაყოფად საჭიროა უკრაინული ჯარების გაყვანა ოთხი რეგიონიდან და ნატოს გეგმებზე უარის თქმას.

„როგორც კი ისინი განაცხადებენ, რომ მზად არიან ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად და დაიწყებენ ჯარების რეალურ გაყვანას ამ რეგიონებიდან, ასევე ოფიციალურად გამოაცხადებენ ნატოში გაწევრიანების გეგმებზე უარის თქმას - ჩვენი მხრიდან, დაუყოვნებლივ, ფაქტობრივად, წუთში მოჰყვება ბრძანება ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების შესახებ“, - განაცხადა პუტინმა.

ამ მომენტისთვის, რუსეთი უკრაინის თითქმის მეხუთედს აკონტროლებს. უკრაინა ამტკიცებს, რომ მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ რუსული ძალების სრული გაყვანით და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით.

სამშვიდობო სამიტს შვეიცარიაში 90-ზე მეტი ქვეყნისა და ორგანიზაციის წარმომადგენელი ეყოლება. ისინი განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა სასურსათო და ბირთვული უსაფრთხოება, მაგრამ უშუალოდ ტერიტორიულ საკითხებზე საუბარი არ იქნება. კრემლში აცხადებენ, რომ სამიტი რუსეთის გარეშე "უშედეგო" იქნება.

პუტინმა თქვა, რომ უკრაინის მომავალი ძალების გაყვანაზე და რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებაზეა დამოკიდებული. მან კიევი გააფრთხილა, რომ უკრაინის სამხედრო მდგომარეობა გაუარესდება, თუ ისინი მის შეთავაზებაზე უარს განაცხადებენ.

„დღეს ჩვენ ვაკეთებთ კიდევ ერთ კონკრეტულ, რეალურ სამშვიდობო წინადადებას“, - განაცხადა პუტინმა.