1766314560
რომელია ევროპის ყველაზე სუფთა და დაბინძურებული ქალაქები - Radical Storage-ის რეიტინგი
ტურისტებისთვის 100 საუკეთესო ქალაქს შორის ყველაზე სუფთა პოლონეთის კრაკოვია. რეიტინგი კომპანია Radical Storage-მა ტურისტების 70 000-ზე მეტი ონლაინ-კომენტარის ანალიზზე დაყრდნობით შეადგინა, რასაც “ევროპულსი” ავრცელებს.
კერძოდ, კრაკოვში ჩასული ტურისტების 98.5% ქალაქის წესრიგითა და მოვლილი იერსახით, ქუჩებში ნაგვის ნაკლებობითა და კომფორტული საზოგადოებრივი სივრცეებით კმაყოფილია. ამის გარდა, კრაკოვის უნაკლო რეპუტაციაზე მისი მცხოვრებლების მხრიდან მაღალმა შეფასებებმაც მოახდინა გავლენა.
ბოლო 10 წლის განმავლობაში პოლონეთმა, ნარჩენების მართვის სისტემების განვითარებიდან დაწყებული საზოგადოებრივი სივრცეების მოვლით დამთავრებული, ქალაქების კეთილდღეობას მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო.
„ევროპულ ქალაქებში ცხოვრების ხარისხის” შესახებ ევროკავშირის ანგარიშის თანახმად, კრაკოვის მცხოვრებლების 80%-ზე მეტი ბაზრებით, მოედნებითა და საფეხმავლო ზონებით სრულიად კმაყოფილია. ანგარიშში წერია, რომ ადგილობრივი მცხოვრებლების მაღალი შეფასებები ტურისტებისთვის ქალაქის იერსახესა და ატმოსფეროზე გავლენას ახდენს.
კრაკოვის ცენტრის კომპაქტური, საფეხმავლოდ მოსახერხებელი დაგეგმარება, ასევე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს: ტურისტები განსაკუთრებით მაშინ ამჩნევენ სისუფთავეს, როცა კრაკოვის მოკირწყლულ ქუჩებში სეირნობენ.
მსოფლიოს 5 ყველაზე სუფთა ქალაქს შორის კიდევ ერთი პოლონური ქალაქი, ვარშავა მოხვდა. ქალაქის ხელისუფლება დასუფთავების ტრადიციულ აქციებს რეგულარულად ატარებს, რომლებშიც თავად მცხოვრებლები მონაწილეობენ. ბოლო წლებში მათი ჩართულობა მესამედით გაიზარდა.
რაც შეეხება ანტირეიტინგს, ყველაზე დაბინძურებული ქალაქი ბუდაპეშტია, რომელსაც ტურისტების 40% მოუვლელად მიიჩნევს.
ყველაზე სუფთა ქალაქების ტოპ 5-ეული ასეთია:
- კრაკოვი (პოლონეთი)
- შარჯა (არაბეთის გაერთიანებული საემიროები)
- სინგაპური (სინგაპური)
- ვარშავა (პოლონეთი)
- დოჰა (კატარი)
ყველაზე დაბინძურებული ქალქების ტოპ 5-ეულია:
- ბუდაპეშტი (უნგრეთი)
- რომი (იტალია)
- ლას-ვეგასი (აშშ)
- ფლორენცია (იტალია)
- პარიზი (საფრანგეთი)



