1739176427
შვედეთის მთავრობა ნათესაურ მიგრაციას შეზღუდავს

შვედეთის მთავრობა ნათესაური კავშირის საფუძველზე იმიგრაციის პირობების გამკაცრებას აპირებს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამ მიზნით სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც საკითხს სრულყოფილად შეისწავლის.
კერძოდ, უცხოელი ნათესავებისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის წესის გამკაცრება მატერიალური თვითდაკმაყოფილების პირობის დაწესებასა და კიდევ სხვა ცვლილებებს გულისხმობს. მაგალითად, ბიოლოგიური ნათესაობის დასადგენად შესაძლოა, დნმ-ის ანალიზიც გამოიყენონ.
სამთავრობო კომისია მუშაობის დროს ევროკავშირის ამჟამინდელი მოთხოვნებით იხელმძღვანელებს და უზრუნველყოფს, რომ ახალი ზომები ამ მოთხოვნებს არ გასცდება.
მიგრაციის კანონმდებლობაში ცვლილებები გასული წლის შემოდგომაზე შევიდა, რომ ნათესაური კავშირის საფუძველზე ქვეყანაში მუდმივ საცხოვრებლად უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლის შესაძლებლობა შეზღუდულიყო. თუმცა, პრესრელიზის თანახმად, შვედეთის სამეფოს კანონმდებლობა და მისი საერთაშორისო ვალდებულებები, ევროკავშირის მოთხოვნებთან შედარებით, მაინც ლოიალურია.
მიგრაციის საკითხების მინისტრი, მარია მალმერ-სტენერგარდი აცხადებს, რომ „ბოლო წლებში ფართომასშტაბიანმა მიგრაციამ და ცუდმა ინტეგრაციამ იზოლაციის სერიოზულ პრობლემებს შეუწყო ხელი.” მისი თქმით, ოჯახური მიგრაციის პირობების გადახედვა და შემდგომი გამკაცრება სიტუაციის გამოსწორებისა და პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის მთავარი რგოლია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მკაცრი და მდგრადი მიგრაციის პოლიტიკა შეიქმნას.