ტრამპი „საგარეო შემოსავლების სამსახურს” ქმნის

მსოფლიო 1737010516
ტრამპი

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „საგარეო შემოსავლების სამსახურს“ ქმნის, რომელიც მის მიერ დაანონსებული მასშტაბური ტარიფებიდან შემოსავალს ააგროვებს.

ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ TruthSocial-ზე დაწერა.

პრეზიდენტი წერს, რომ დადგა დრო, შეიცვალოს ვითარება, როცა „ზედმეტად დიდი ხნის განმავლობაში შიდა შემოსავლების სამსახურის მეშვეობით დიადი ხალხი იბეგრებოდა,” ხოლო ამერიკის ეკონომიკა ზრდასა და მსოფლიო კეთილდღეობას „რბილი, საცოდავად სუსტი სავაჭრო შეთანხმებებითა და საკუთარი თავის დაბეგვრით უზრუნველყოფდა”.

„დროა, ეს შეიცვალოს. დღეს ვაცხადებ, რომ ვქმნი საგარეო შემოსავლების სამსახურს, რათა შევაგროვო ჩვენი ტარიფები, გადასახადები და ყველა შემოსავალი, რომელიც უცხოური წყაროებიდან შემოდის,” - წერს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი.

ტრამპი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები დაიწყებს გადასახადების ამოღებას მათგან, ვინც ფულს აშშ-სთან ვაჭრობით შოულობს.

„ბოლოს და ბოლოს, ისინი თავიანთი სამართლიანი წილის გადახდას დაიწყებენ“, - წერს ტრამპი.

მისი ცნობით, ინაუგურაციის დღე, ანუ 20 იანვარი “საგარეო შემოსავლების სამსახურის დაბადების დღე იქნება.”

ცნობისთვის: ევროპულ იმპორტზე ტარიფების დაწესების შესახებ ტრამპის მუქარის საპასუხოდ ევროკავშირმა 15 ოქტომბერს იმ ამერიკული საქონლის სია შეადგინა, რომლებსაც შესაძლოა, ეს ტარიფები შეეხოს. ტრამპი, ასევე, დაიმუქრა, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ კანადიდან, მექსიკიდან და ჩინეთიდან აშშ-ში შესულ ყველა საქონელზე ტარიფებს დაუყოვნებლივ დააწესებს. ახლახან გერმანიის ოპოზიციური ბლოკის, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა, რომელიც კანცლერობის კანდიდატია, მოუწოდა, განახლდეს ძალისხმევა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დასადებად. ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანადის ელჩმა შეერთებულ შტატებში, კირსტენ ჰილმანმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის, აშშ-დან მეტი საქონელი, მათ შორის, მისი წყალქვეშა ნავების შემდეგი ფლოტი შეიძინოს.