ტრამპმა ჩიკაგოს მსოფლიოში ყველაზე საშიში ქალაქი უწოდა

მსოფლიო 1756981721
ტრამპი

ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩიკაგოში ეროვნული გვარდიის გაგზავნას განიხილავს. მისი ეს სურვილი მშრომელთა დღეებში კრიმინალის მაჩვენებლის ზრდითაა განპირობებული. არსებული მონაცემებით, გასულ შაბათ კვირას, შეიარაღებული თავდასხმების შედეგად, ქალაქში 58 პირი დაიჭრა, მათგან 8 კი გარდაიცვალა.

თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამოსვლისას ტრამპმა ჩიკაგოს “მსოფლიოში ყველაზე საშიში ქალაქი” უწოდა და ქალაქის ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა - ან ვითარება ადგილობრივი პოლიცია საკუთარი რესურსებით გამოასწორებს, ან ჩიკაგოში ეროვნული გვარდია შევა. ულტიმატუმის გაჟღერების მიუხედავად, ამერიკის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რა დროს აძლევს ქალაქის მთავრობას.

ტრამპის თქმით, ვითარება კონტროლს აღარ ექვემდებარება და იმ ნიშნულს უახლოვდება, როცა ილინოისის შტატის გუბერნატორის გადასაწყვეტი აღარ იქნება, შევა თუ არა ქალაქში ეროვნული გვარდია. “საქმე ერის დაცვას ეხება” - აცხადებს ტრამპი.

აღსანიშნავია, რომ გუბერნატორმა ჯეი ბი პრიცკერმა და ჩიკაგოს მერმა ბრენდონ ჯონსონმა ტრამპს ულტიმატუმის უკან გაწვევისკენ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ პრეზიდენტის ინიციატივა არამარტო არაკონსტიტუციურია, არამედ არც საჭირო არაა. ამის დასამტკიცებლად კი მათ ქალაქში კრიმინალის შემცირების სტატისტიკა წარადგინეს. პრიცკერი და ჯონსონი აცხადებენ, რომ ქალაქში ფედერალური ძალების შესვლას ყველა სამართლებრივი გზით შეეწინააღმდეგებიან.