ვენეციაში დღეიდან ახალი ტურისტული წესები ამოქმედდა

მსოფლიო 1722497630
ვენეცია

დღეიდან, 1-ელი აგვისტოდან ვენეციაში ახალი ტურისტული წესები ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, ტურისტული ჯგუფების რაოდენობა 25 ადამიანს არ უნდა აღემატებიდეს.

ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

ამასთან, გიდებს ტურებზე დინამიკების გამოყენება ეკრძალებათ. ზომები, რის დანერგვასაც ქალაქის ხელისუფლება თავდაპირველად ივნისში გეგმავდა, „მოსახლეობის სიმშვიდის დაცვას“ და ვენეციის ქუჩებში ფეხით მოსიარულეთა უფრო თავისუფალი გადაადგილების საშუალებას ისახავს მიზნად.

წესების დარღვევისთვის ტურისტებსა და გიდებს 25-დან 500 ევრომდე ჯარიმები დაეკისრებათ. შეზღუდვები როგორც ქალაქის ცენტრში, ასევე, მურანოს, ბურანოსა და ტორჩელოს კუნძულებზე ვრცელდება.

გასულის წლის აგვისტოში UNESCO-ს კომისიამ მოითხოვა, ვენეცია ​​და ლაგუნა, რომლის ტერიტორიაზეც ქალაქი მდებარეობს, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების იმ სიაში შესულიყო, რომლებსაც განადგუების საფრთხე ემუქრებათ. იმ მიზეზებს შორის, რამაც შესაძლოა, ვენეციისთვის „შეუქცევადი ცვლილებები“ გამოიწვიოს, ექსპერტებმა გადაჭარბებული ტურიზმი დაასახელეს.

UNESCO-ს თანახმად, იტალიის ქალაქი ვერ უმკლავდება მოგზაურთა ნაკადს, რომლებიც მას ყოველდღიურად სტუმრობენ. შედეგად, იცვლება ისტორიული უბნების სახე, რომლებიც ტურისტული მაღაზიებით ივსება. ასევე, მცირდება ძირძველი მოსახლეობა, რომელიც იძულებულია, გაზრდილი საარსებო ფასების გამო თავისი საცხოვრებელი ადგილი დატოვოს. ამასთან, წყლის ტრანსპორტის მუდმივი მოძრაობის შედეგად არხები და ლაგუნა ბინძურდება.

ხელისუფლებამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ მზად არის, ქალაქის შენარჩუნების მიზნით მასობრივ ტურიზმს ებრძოლოს. ერთ-ერთი ასეთი უახლესი ინიციატივით, ვენეციაში 8:30-დან 16:00 საათამდე ვიზიტისთვის 5-ევროიანი გადასახადი დაწესდა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში მოქმედებდა. საფასურის გადაუხდელობისთვის ჯარიმა 50-დან 300 ევრომდე შეადგენდა. ექსპერიმენტი ივლისში დასრულდა.