• Ƀ/$

ექსპერტი: სსფ-ის მიერ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის აწევა ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი სიგნალია

30 აგვისტო 12:19, 2018 წელი | ინტერვიუ

სავალუტო ფონდის მიერ საქართელოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას, M2B-სთან ინტერვიუში ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცუცქირიძე აფასებს.

სსფ-ს მისიამ საქართველოს ეკონომიკის 2018 წლის ზრდის პროგნოზი 4.8 % დან წლიურ 5.5 პროცენტამდე აწია, მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის გამო, მიუხედავაფდ იმისა, რომ  ეკონომიკაზე შესაძლო უარყოფითი გავლენის მქონე რისკები გაიზარდა სხვა ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების გამო. როგორ შეაფსებით სსფ-ის ახალ მოხსენებას და ამ ფონზე  რამდენად მნიშვნელოვანია მოქნილი გაცვლითი კურსის და გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელება?


გიორგი ცუცქირიძე: შემთხვევითი არ იყო, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის წინა ანგარიშშიც ცალსახად არის აღნიშნული, რომ „მიმდინარე ეკონომიკური გაჯანსაღება შესაძლებელს ხდის განხორციელდეს ისეთი რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობს საგარეო შოკებისადმი მდგრადობას  და უფრო მაღალ და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას.


ძალზე მნიშვნელოვანია, რომ  ამ ბოლო მოხსენების თანახმად, „ხელისუფლების მიერ დაწყებული რეფორმების განუხრელი განხორციელება ხელს შეუწყობს მაღალ ზრდას გრძელვადიან პერიოდში და გააუმჯობესებს ეკონომიკის მდგრადობას. ეკონომიკური აქტივობის თვალსაზრისით დადებითად არის შეფასებული მიმდინარე წლის ნახევარი. მოგეხსენებათ ამ პერიოდში წლიურმა ზრდამ 5.7 პროცენტი შეადგინა, რასაც ხელი შეუწყო ძლიერმა საგარეო მოთხოვნამ, ფულადი გზავნილების და დაკრედიტების ზრდამ. ინფლაციამ ივლისში 2.8 პროცენტი შეადგინა და წლის განმავლობაში  საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელზე (3 პროცენტზე) ქვემოთ იყო. 


სსფ-ის მოხსენება ძალზე მნიშვნელოვანია ინვესტორების მოზიდვის თვალსაზრისითაც, რაც თანხვედრაშია საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch -ის აგვისტოს თვის მიხედვით ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის შეფასებასთან. მოგეხსენებათ, 2018 წლის 21 აგვისტოს წამყვანმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი „BB-“ დონეზე დატოვა, პოზიტიური პერსპექტივით. შემთხვევითი არ არის, რომ სსფ-ის მისიამ მაღალი ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით 2018 წლის ზრდის პროგნოზი 4.8 პროცენტიდან 5.5  პროცენტამდე გაზარდა, რაც განაპირობა ეკონომიკური რეფორმების თანამიმდევრულმა ხასიათმა და მაკროეკონომიკურმა მდგრადობამ. ამასთან, ეს არის მნიშვნელოვანი სიგნალი ინვესტორებისთვის რათა უფრო აქტიურად განახორციელონ კაპიტალდაბანდებები ქვეყნის ეკონომიკაში.


რა ვითარებაა ამ მხრივ რეგიონში და მთლიანად მსოფლიოში? რამდენ პროცენტიანი ზრდაა ნავარაუდები სხვა სახელმწიფოებში?


 სსფ-ის ამ ტიპის მოხსენებები ჩვენ უნდა განვიხლოთ და შევაფასოთ რეგიონალური  და გლობალური ეკონომიკის კუთხითაც. შედარებისათვის, სსფ-ის პროგნოზების მიხედვით, ეკონომიკური ზრდის საშუალო მსოფლიო მაჩვენებელი 2018 წელს 3.9 %-ი იქნება, მათ შორის განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში საშუალოდ ეკონომიკა 2.3 %-ით გაიზრდება, აშშ-ში-2.7 %, ევროზონის ქვეყნებში-2.4 %-ით(გერმანიაში-2.5%, საფრანგეთში-2.1 %, იტალიაში-1.5% და ა.შ), განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში საშუალოდ ეკონომიკა 4.8 %-ით გაიზრდება, მათ შორის  ლათინური ამერიკის ქვეყნებში-2.0%, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებში საშუალო ზრდა -3.4 % იქნება, შედარებით მაღალი ზრდის პროგნოზი აქვთ განვითარებადი აზიის ქვეყნებს-6.5 %(ინდოეთი-7.4 %, ჩინეთი-6.5 %, სამხრეთ აღმოსავლეთ  აზიის ქვეყნები-5.3%), ევროპის განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში, სადაც ჩვენც შევდივართ  ზრდის პროგნოზი- 4.3 %.  თუმცა, ბოლო პერიოდში გამოიკვეთა რისკებიც, რაც, უპირველეს ყოვლისა, უკავშირდება აშშ-ის მიერ ინიცირებულ „სავაჭრო ომს“ ევროკავშირთან, ჩინეთთან და თურქეთთან. ეს უკანასკნელი საფრთხეს უქმნის გლობალური გაჯანსაღების პროცესს და მსოფლიო მასშტაბით ზრდის პერსპექტივებს წინა პროგნოზში გაკეთებულ დაშვებებთან შედარებით უფრო მეტად უთანაბროს ხდის.


აღსანიშნავია, რომ 2017 წლის პოტენციურზე მაღალი ზრდის შემდგომ, 2018 წელს თურქეთის ეკონომიკა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დადგა. მათ შორის აღსანიშნავია ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის შესუსტება, რამაც წლის დასაწყისიდან თურქული ლირის მკვეთრად გაუფასურება გამოიწვია და დამატებით გაზარდა ინფლაცია. მიუხედავად ამისა, მძლავრი ფისკალური სტიმულით წახალისებული კერძო მოხმარება ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად დარჩა, რის გამოც რეალური მშპ-ის ზრდამ პირველ კვარტალში 7.4% შეადგინა, თუმცა, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, დაფინანსების გამკაცრებული პირობებიდან, მიმდინარე ანგარიშის მზარდი დეფიციტიდან და გეოპოლიტიკური საფრთხეებიდან გამომდინარე, თურქეთის ეკონომიკა წელს მხოლოდ 4.5%-ით გაიზრდება, ხოლო  ინფლაცია წლის განმავლობაში ორნიშნა დონეზე დარჩება. ამავდროულად დაძაბულობა თურქულ-ამერიკულ ურთიერთობებში, სერიოზულო ზეგავლენას იქონიებს საინვესტიციო კლიმატზე და თურქული ლირის გაუფასურების ტენდენციებზე. ასეთი სცენარისას, გაუფასურებული ლირა გააიაფებს რა თურქულ ექსპორტს, ნეგატიურად იასახება ჩვენს სავაჭრო ბალანსზე.


2018 წლის დასაწყისში ევროზონის ეკონომიკის ზრდის ტემპი შენელდა, რაც ძირითადად გამყარებული ევროთი და სუსტი გლობალური მოთხოვნით იყო განპირობებული. გარდა ამისა, ზოგიერთ წევრ სახელმწიფოში პოლიტიკური რისკები გაიზარდა ახალი ხელისუფლების სათავეში მოსვლით (იტალია,ესპანეთი). აშშ-ის მიერ ინიცირებულმა „სავაჭრო ომმა“ დამატებითი საფრთხეები გაუჩინა ევროპის ეკონომიკას ექსპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე შემოღებული ტარიფებით, რასაც შესაძლოა ავტომობილების დამატებითი დაბეგვრაც დაემატოს


მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეკონომიკურ პერსპექტივაზე შესაძლო უარყოფითი გავლენის მქონე რისკები, რაც განპირობებულია რეგიონში არსებული ვითარებით და სავაჭრო კონკურენციით, რეზერვების დაგროვების და მოქნილი გაცვლითი კურსის შენარჩუნების საჭიროებას წარმოშობს.


გიორგი ცუცქირიძე: მოხსენებაში ასევე სავსებით ობიექტურად არის მინიშნება, რომ მოქნილი გაცვლითი კურსი სასარგებლოა საქართველოსთვის და იგი ზრდაზე ორიენტირებულ მაკრო პოლიტიკასთან ერთად, გააძლიერებს ქვეყნის მდგრადობას საგარეო შოკების მიმართ. მიმაჩნია, რომ ასეთ შემთხვევებში სავალუტო ინტერვენცია როგორც მონეტარული ინსტრუმენტი კონტრპროდუქტიული და პრობლემის  დროებითი მოხსნა უფრო იქნება. ეკონომიკისათვის და დედოლარიზაციის ხელშეწყობისთვისაც ჯობია კურსი იყოს თავისუფალ ცურვაში ანუ კურსმა  გაიწოვოს შოკები, შეძლებისდაგვარად შეასრულოს ბუფერის როლი და თავად იპოვოს  წონასწორობის ახალი წერტილი. დღეს ეს რამდენად მტკივნეულიც არ უნდა იყოს, მოსახლეობისათვის ან ბიზნესისათვის. სავალუტო ინტერვენციებს აზრი აქვს წმინდა სპეკულატიური ტრენდების შესანელებლად, ან ეფექტური გაცვლითი კურსის  ექსპორტზე შენელების ფაქტორიდან გამომდინარე და არა მაკროტენდენციების შესამცირებლად, რომლებიც ფუნდამენტური ფაქტორებით არის გამოწვეული.


ერთადერთი როდესაც მიზანშეწონილია ინტერვენციები ბაზარზე ეს იქნება რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის ფაქტორიდან გამომდინარე, რაც მაკროეკონომიკური წონასწორობის თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი და ასახავს ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებას საქართველოს ყველა ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ, ლარის ზედმეტად გამყარების თავიდან ასაცილებლად, იმპორტის შეზღუდვის და საპირისპიროდ ექსპორტის და შესაბამისად, ეკონომიკის ზრდის სტიმულირებისათვის. აქ იგულისხმება   ის ქვეყნები, რომლებთანაც საქართველოს ყველაზე მაღალი სავაჭრო ბრუნვა აქვს: ევროზონა, თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, სომხეთი, აშშ, ბულგარეთი, იაპონია.


ნიშანდობლივია, რომ სსფ-ის მისიის მოხსენებაში დადებითად არის შეფასებული მთავრობის მიერ ინიცირებული და დამტკიცებული საპენსიო რეფორმა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ხელშემწყობი ახალი დებულებები, რაც ვალაუვალობის შემცირებასთან და  ეკონომიკის შემდგომი სტრუქტურული რეფორმირებასთან ერთად, ხელს შეუწყობს ეკონომიკის დივერსიფიკაციას და ცხოვრების დონის ზრდას.


 


სხვა სიახლეები