1768550400
„ამდენი საბურავი სად წავიღოთ?! - მე 600 ათასი ლარის ჯარიმა დამადეს, რომელსაც ჯიშ-ჯილაგი რომ ამოვყიდო, ვერ გადავიხდი“
ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე მეორადი საბურავების რეალიზატორების აქცია მიმდინარეობს. ისინი 1-ელი იანვრიდან ამოქმედებულ რეგულაციას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსება ან/და რეალიზაცია თბილისის სხვადასხვა ზონაში აიკრძალა. კანონის დარღვევა კი 2500 ლარიდან 30 000 ლარამდე ჯარიმას გულისხმობს.
აგლაძის ქუჩაზე მდებარე მაღაზიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი იძულებულები არიან ობიექტები დახურონ და შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
საბურავების რეალიზატორები ითხოვენ, მთავრობამ გონივრული ვადა ან ალტერნატიული ფართები გამოუყოს, სადაც საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ.
„მე პირადად ბანკის ვალი მაქვს და ჩემნაირი არის აქ 80%. კარგია, დაკეტე, რით ვიხადოთ ეს ბანკის ვალი?! შემოსავლების სამსახური შემომივიდა და მე პირადად პროცენტულად დამითვალა 195% მოგება, რომელიც არარეალურია და დამადო 600 000 ლარის ჯარიმა, რომელსაც ჯიშ-ჯილაგი რომ ამოვყიდო, ვერ გადავიხდი. შანსი არ არის. ამდენი ვალდებულების მერე, რომ მეუბნები, დაკეტე, სად წავიდე, რა ქნას ამ ხალხმა?! მე სტუდენტი მყავს, პატარა მყავს, ოჯახს ვარჩენ ამით, მეტი შემოსავალი არაფერი არ გვაქვს“,- განაცხადა აქციის მონაწილემ ტელეკომპანია „პირველთან“.
„რაც შემოტანილი გვაქვს, ეგ საქონელი ხომ უნდა გავყიდოთ?! საგადასახადო ვალდებულებები გვაქვს, საბანკო ვალდებულებები გვაქვს და გვეუბნებიან წადით სახლში, არ გვაინტერესებს. ვიყავით ჩვენ მერიაშიც მისულები, არანაირი პირობები, ჩვენ არ გვაქვს, არც ადგილებიო, სად უნდა გადაგიყვანოთო, არაფერი არ შენდებაო, ასე მითხრეს. ჩვენ ვითხოვთ სამუშაოს და ამათ არაფერი არ აინტერესებთ. ეგრე არ არის, ხალხი თუ არ დაუდგება ქვეყანას გვერდში და ისინი თუ არ დაგვიდგებიან, არაფერი არ გამოვა“, - ამბობს კიდევ ერთი მაღაზიის მფლობელი.
„პირველი რაც მგონია, არის იმის ინტერესი, რომ თუ ახალი საბურავი შეიძლება, ესე იგი, არის კონკრეტული კომპანიების ინტერესი... სადაც ეტყობა, სახელმწიფო ზის და მაგათ დაქვემდებარებაშია. აბა როგორ შეიძლება მეორადი იყოს აალებადი და ახალი არ იყოს აალებადი?! მე სამი შვილი მყავს, მეუღლე მყავს, 4 სული ჩემი სარჩენია. მოგვცენ ალტერნატიული ფართი, ან დრო მისცენ მეპატრონეებს. ეს არ არის ერთ დღეში გადასატანი თემა.
„თუნდაც ის ერთი 6 თვე გადაგვივადონ. 6 თვეში ჩვენ ყველაფერს იმ დონეზე მოვაწესრიგებთ აქ, შეიძლება თვითონაც არ ელოდონ ისეთ სისუფთავეს. ერთ კვირაში მოდი წაიღე.. ჯერ ამდენი საბურავი სად უნდა წავიღოთ?! ეს ხომ უნდა გაითვალისწინონ, სადღაც ადგილი ხომ გვინდა. ისეთ ფასები აქვს დღეს მიწას, ვერცერთი ჩვენგანი ვერ შეძლებს მაგის ყიდვას“,- ამბობენ საბურავების რეალიზატორები ტელეკომპანია „პირველთან“.
შეგახსენებთ, რომ მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსება ან/და რეალიზაციის სრულად აკრძალვა ეხება დედაქალაქის მასშტაბით არსებულ საცხოვრებელ, რეკრეაციულ, სატყეო, სპეციალურ, სატრანსპორტო და სანიტარული დაცვის ზონებს. ხოლო დასაშვებ ფუნქციურ ზონებში (ძირითადად სამრეწველო და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა), განისაზღვრა გარკვეული პირობები, რომლებიც ტერიტორიის მესაკუთრეებმა და მეწარმე სუბიექტებმა უნდა დააკმაყოფილონ.



