1741857714
ჩვენი მიზანი გურული გემოების და კულინარიული მემკვიდრეობის დაცვაა - "ბადიში"

ჩვენი მიზანი გურული გემოების და კულინარიული მემკვიდრეობის დაცვაა, - ამის შესახებ კომპანია "ბადიშის" დამფუძნებელმა გიორგი ჩხაიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, "ბადიში" არა მხოლოდ ბიზნესი, არამედ სოციალური პროექტია, რომლის ფარგლებშიც ხელს უწყობს რაიონში გასტროტურიზმის განვითარებას და ადგილობრივების დასაქმებას.
"ჩვენ პროდუქციას მთაში მოყვანილი ეკო პროდუქტებით ვამზადებთ. გვაქვს სათბური, სადაც ბიო პროდუქტები მოგვყავს. ჩვენი მიზანია გურული კულტურა და ხასიათი გავაცნოთ როგორც ქართველებს, ისე უცხოელებს. ჩვენთან ბევრი მომხმარებელი ადგილზე მოდის და ამ კუთხით სოფლის ტურიზმსაც ვავითარებთ. სწორედ ამიტომ არის ჩვენი ბიზნესი სოციალური პროექტი - ეს არის გურული გასტროტურიზმის განვითარება და მემკვიდრეობის დაცვა.
დაინტერესება წლიდან წლამდე მზარდია და ვფიქრობთ, რომ მომავალში მომხმარებლები უფრო დაგვემატება. სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულება გვინდა, რომ უფრო მეტად განვავითაროთ, უფრო მეტი ადგილობრივი დავასაქმოთ და გურული გემოები უფრო მეტად გავაცნოთ ყველას", - აცხადებს გიორგი ჩხაიძე.
როგორც "ბადიში"ს დამფუძნებელი აცხადებს, კომპანია ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს და ამ ეტაპზე ჯამში 3 ადგილობრივს ასაქმებს.
კომპანია „ბადიში“ საოჯახო ბიზნესია, რომელიც გურიაში მდებარეობს და ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა. კომპანია კერძებისთვის 25 სახეობამდე საკმაზ-სანელებლებს, საწებლებს და სოფლის სხვადასხვა ნატურალურ პროდუქტებს აწარმოებს.