დააკავეს ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, „სილქნეტის“ და „ევრონიუს საქართველოს“ დამფუძნებელი

ბიზნესი 1751867640
გიორგი რამიშვილი

ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფის“, „სილქნეტის“, „ევრონიუს ჯორჯიასა“ და სხვა არაერთი კომპანიის დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი დააკავეს.

ინფორმაცია, რომელიც თავდაპირველად ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა, რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შსს-ის პრესცენტრის თანახმად, ის დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, - ეს ბრალდება გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება-დამზადებას.

ბრალდება ორ წლამდე პატიმრობას, ჯარიმას ან ექვსი თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობას ითვალისწინებს.

განახლება: შსს-მ დააზუსტა, რომ „გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“. ეს მუხლები გულისხმობს:

  • ცეცხლსასროლი იარაღის [გარდა სანადირო ან სპორტული იარაღის], საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვას – ისჯება სამიდან ექვს წლამდე პატიმრობით;
  • ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება, – ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით.