უცნობმა პირმა 14 წლის განმავლობაში შენახული ბიტკოინი გადარიცხა

კრიპტოვალუტა

კრიპტოვალუტის ორი საფულით, რომლებშიც 2011 წლიდან 20.000 ბიტკოინი იყო შენახული და 14 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ გამოიყენებოდა, პირველი ტრანზაქციები დაფიქსირდა.

ინფორმაციას Blockchain.com ავრცელებს.

2011 წელს, ანუ მონეტების მიღების დროს მათი საერთო ღირებულება, დაახლოებით, 16.000 დოლარი იყო, ხოლო ამჟამად, გადარიცხვებისას არსებული გაცვლითი კურსით, მათი ღირებულება 2 მლრდ დოლარს აღემატება.

ასეთ საფულეებს „მძინარეს“ უწოდებენ, როცა მფლობელები მათ მრავალი წლის განმავლობაში არ იყენებენ.

2011 წლის 3 აპრილს ბიტკოინ-საფულე „1Hq...wcK“-დან სამ სხვადასხვა მისამართზე 23.377.83 BTC გადაირიცხა. ამ მისამართებიდან ორმა საფულემ, „12tL...2me“-მ და „1Kb...JYm“ -მა სათითაოდ 10.000 BTC მიიღო, ხოლო მესამეზე დარჩენილი 3.377.83 BTC გადაირიცხა.

14 წლის განმავლობაში ორი საფულე, რომელთაგან თითოეულმა 10.000 BTC მიიღო, უმოქმედო დარჩა და მათგან არანაირი გადარიცხვა არ შესრულებულა. წლების განმავლობაში ეს საფულეები ბიტკოინში მხოლოდ მცირე რაოდენობით, ანუ 1 დოლარზე ნაკლებ ოდენობას იღებდნენ, რაც სპამ-ტრანზაქციებად ითვლება.

4 ივლისის დილით ორივე მისამართმა, დაახლოებით, ნახევარი საათის ინტერვალით თავისი 10.000 BTC ახალ მისამართებზე გადარიცხა, ხოლო მესამე საფულემ, რომელმაც 14 წლის წინ 3.377.83 BTC მიიღო, ეს თანხა 2011 წელსვე გადარიცხა.

CoinMarketCap-ის მონაცემებით, 2011 წლის 3 აპრილს ბიტკოინის კურსი, დაახლოებით, 0.8 დოლარი იყო, ხოლო 20 ათასი BTC, დაახლოებით, 16 ათასი დოლარი ღირდა. მიმდინარე წლის 4 ივლისს BTC 109 ათასი დოლარის გარშემო მერყეობს, ანუ გადარიცხული აქტივების ფასი 2.18 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.