ხის, ხელნაკეთი სათამაშოების საწარმო „დადარი“ გაფართოებას განაგრძობს

ბიზნესი 1762766791
ხის სათამაშო

ხის, ხელნაკეთი სათამაშოების საწარმო „დადარი“ გაფართოებას განაგრძობს და უახლოეს პერიოდში ახალ სივრცეში იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს კომპანიის დამფუძნებელმა არჩილ გობეჯიშვილმა განუცხადა.

საბედნიეროდ, კარგი ამბები გვაქვს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისო მიმართულებით.

ბავშვთა დაცვის დღეს ჰუალინგის სავაჭრო ცენტრში გავხსენით ჩვენი პირველი ბრენდული კუთხე და ძალიან კარგი შედეგები მოგვიტანა, ბევრი ახალი გულშემატკივარი შევიძინეთ. ყველაზე დიდი სიხარული და მოტივაცია იყო ის, თუ როგორ გულწრფელად და სასიამოვნოდ რეაგირებდნენ ადამიანები, როცა ხედავდნენ, რომ საქართველოში მზადდება ასეთი ხარისხიანი და ლამაზი სათამაშოები.

რეალიზაციამაც გადააჭარბა იმ მოლოდინებს, რაც გვქონდა, და ამან დიდი სტიმული მოგვცა.

ამ წარმატებამ გვაჩვენა, რომ სწორ გზაზე ვართ, ამიტომაც კიდევ უფრო დავაჩქარეთ გაფართოების პროცესი, რათა მეტ მომხმარებელს შევთავაზოთ ჩვენი სათამაშოები სხვადასხვა სავაჭრო სივრცეებში. უკვე ვაფორმებთ ხელშეკრულებას და დეკემბერში ვხსნით ახალ ბრენდულ კუნძულს ისთფოინთის ულამაზეს ახალ სივრცეში, რომელიც იქნება თანამედროვე დიზაინით მოწყობილი და გამორჩეული ინტერიერით.

ძალიან გვიხარია, რომ ამ ლამაზ სივრცეში განთავსდება ჩვენი შემდეგი ბრენდული კუნძული “, - აცხადებს არჩილ გობეჯიშვილი.

მოთხოვნა „დადარის“ პროდუქციაზე სტაბილურად მზარდია.

„ინტერესი და მოთხოვნა ხარისხიან ქართულ სათამაშოებზე ნამდვილად მზარდია. ამას ვხედავთ როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან, ისე უცხოელებისგან, რომლებისთვისაც ქართული წარმოება ხშირად სასიამოვნო აღმოჩენაა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მშობლების დამოკიდებულება, ისინი სულ უფრო ხშირად ეძებენ ეკომეგობრულ, განვითარებაზე ორიენტირებულ სათამაშოებს თავიანთი შვილებისთვის. ამ ტენდენციას ყოველდღიურად ვგრძნობთ, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.