ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - ირაკლი კობახიძე

ბიზნესი 1751870097
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე

"ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოში ბიზნესს აბსოლუტური თავისუფლება აქვს, რაც მისი თქმით, ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად აისახება.

„ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს პირველ რიგში არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, მათ შორის სათანადო ეკონომიკური გარემო, საგადასახადო სისტემა, რაც არის მორგებული ეკონომიკური ზრდის ინტერესებზე. ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი და იქ, სადაც ბიზნესი თავისუფალია, რა თქმა უნდა, მეტია ზრდის შესაძლებლობა, ეს პირდაპირ აისახება ეკონომიკის განვითარებაზე და ეს არის სწორი მენეჯმენტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე ასევე ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათი პროგნოზები ვერ გამართლდა:

„ჩვენს ოპონენტებს ძალიან აწუხებთ მაღალი ეკონომიკური ზრდა. ერთ-ერთი ექსპერტი აცხადებდა, რომ ჩვენ გვექნებოდა ორნიშნა ინფლაცია ქვეყანაში, მაშინ, როდესაც გვაქვს სტანდარტული მაჩვენებელი ამ კუთხით. ისინი აცხადებდნენ, რომ ლარის კურსი მარტში მიაღწევდა 3,1-ს, და ჩვენ სტაბილურად ვინარჩუნებთ ლარის კურსს 2,72-ის ფარგლებში. ეკონომიკურ ზრდაზე ამბობდნენ, რომ გვექნებოდა მინუსი და აქამდე მაჩვენებელი არის 9,8%“ - განაცხადა "იმედის" ეთერში.

მისი თქმით, კრიტიკული შეფასებები ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე რეალობას ვერ შეცვლის და „ამ კამპანიებმა თავისი შედეგი ვერ გამოიღო“.