„რიკო კრედიტი“ 70 000 ლარით დაჯარიმდა

ბიზნესი 1683308231
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო კრედიტი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესი“ ფულის გათეთრებისა და ფინანსური კონტროლის მოთხოვნების სხვადასხვა სახის დარღვევებისთვის ჯამში 70 000 ლარით დააჯარიმა - ამის შესახებ სებ-ის მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი.

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემის მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირების გამო - ჯამში 20,000 ლარის ოდენობით.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ შემმოწმებელთა ჯგუფისათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის შემოწმების ვადის დასრულებამდე წარუდგენლობის 1 (ერთი) შემთხვევის გამო - ჯამში 5,000 ლარის ოდენობით.

13 (ცამეტი) კლიენტთან მიმართებაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არ განუხორციელებია კანონმდებლობის შესაბამისად გარიგების ან/და ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის შესწავლა, რისთვისაც ის დაჯარიმდა 3,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ 39,000 (ოცდაცხრამეტი ათასი) ლარი.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ შემმოწმებელთა ჯგუფისათვის ინფორმაციის ვადის გადაცილებით და არასწორად წარდგენის 2 (ორი) ფაქტის გამო - ჯამში 4,000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 31 მაისის №61/04 ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული ანგარიშგებებით საქართველოს ეროვნული ბანკისათვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 2 (ორი) შემთხვევის გამო - ჯამში 2,000 ლარის ოდენობით.

საერთო ჯარმში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდა - 70,000 (სამოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით,” - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.