სითი მოლი ქუთაისსა და ბათუმშიც აშენდება - როგორია IG Development-ის გეგმები?

ბიზნესი 1758103102
სითი მოლი

სავაჭრო ცენტრების, „სითი მოლის საბურთალოს“ და „გლდანი მოლის“ მფლობელი კომპანია "IG დეველოფმენტ ჯორჯია" სამომავლოდ რეგიონებში განვითარებას გეგმავს.

როგორც კომპანიის ფინანსური დირექტორი ლაშა კახიშვილი ამბობს, პროექტები ქუთაისსა და ბათუმში განხორციელდება. მან "საქმიანი დილის" ეთერში აღნიშნა, რომ თბილისში სავაჭრო ცენტრების გაფართოება 2027 წლისთვის დასრულდება, რასაც რეგიონებში განვითარება მოჰყვება.

"რეგიონებზეც ვმუშაობთ აქტიურად, ქუთაისში მიწა უკვე შევიძინეთ და პროექტირების ეტაპზეა, სავაჭრო ცენტრი, სითი მოლი ქუთაისში ლამაზი შეკრების ადგილი იქნება ჩემი აზრით და საკმაოდ წარმატებული პროექტი. ამას გარდა, აჭარის რეგიონს ვუყურებდით ძალიან აქტიურად და ბათუმშიც პროექტირების ეტაპზეა. ვფიქრობთ, რომ თბილისში სითი მოლების გაფართოება 2027 წლამდე რომ დასრულდება, უკვე აქტიურად რეგიონებში განვითარება უნდა დავიწყოთ",- განაცხადა ლაშა კახიშვილმა.

მისი ინფორმაციით, გლდანის სავაჭრო ცენტრის გაფართოების პროექტის შედეგად, რომელიც 2025 წლის იანვარში დაიწყო, გლდანში ჯამური გასაქირავებელი ფართი 2-ჯერ და მეტად გაიზრდება და 50 000 კვადრატულ მეტრს მიაღწევს. რაც შეეხება საბურთალოს, ჯამურმა გასაქირავებელმა ფართმა 110 000 კვადრატს უნდა მიაღწიოს. ორივე პროექტის ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 250 მილიონი დოლარია.