დეკემბერში საქართველომ 11 მილიონზე მეტი კვერცხი იყიდა - რა დაჯდა ერთი ერთეულის იმპორტი

კვერცხი

2025 წლის დეკემბერში საქართველომ 894.5 ათასი დოლარის ღირებულების 11 048 000 სასურსათო კვერცხი იყიდა, ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3 130%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის დეკემბერში ქვეყანაში 342 000 სასურსათო კვერცხის იმპორტი განხორციელდა, საერთო ჯამში 33.7 ათასი დოლარის ღირებულების. ამ მაჩვენებლებიდან გამოდის, 2024 წლის დეკემბერში ერთ ცალ სასურსათო კვერცხს 9 ცენტად ვყიდულობდით (გადასახადების გარეშე), გასულ თვეს კი 8 ცენტად.

ამასთან საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის დეკემბერში საქართველოში კვერცხი ძირითადად თურქეთიდან და ბელარუსიდან შემოვიდა.

  • თურქეთი - 10 970 000 ცალი, 886.2 ათასი დოლარის ღირებულების (ერთი ერთეულის ფასი - 8 ცენტი)
  • ბელარუსი - 78 000 ცალი, 8.3 ათასი დოლარის ღირებულების (ერთი ერთეულის ფასი - 10 ცენტი)

რაც შეეხება სრულ 2025 წელს, შარშან საქართველომ 15 936 000 ცალი სასურსათო კვერცხი იყიდა, ჯამში 1.226 მლნ დოლარის ღირებულების.