1758106980
ეროვნული ბანკი $700 მილიონის გათეთრების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ეხმაურება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის სავარაუდო ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას და აცხადებს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან.
საქმე ის არის, რომ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი, მაგრამ უწყებას არც ამ პირის ვინაობა და არც ვალუტის გადამცვლელი პუნქტის სახელი უთქვამს.
სებ ასევე წერს, რომ განაგრძობს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ზედამხედველობას, რაც მოიცავს როგორც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის, ისე საერთაშორისო სანქციების მოთხოვნათა შესრულების მონიტორინგს.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ სავარაუდო უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკი ორგანული კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობდა შესაბამის უწყებებთან და ჩართულია საგამოძიებო პროცესში. სებ-მა კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოძიებას დროულად მიაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია და განახორციელა შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები.
ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი კვლავაც განაგრძობს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ზედამხედველობას, როგორც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე საერთაშორისო სანქციების რეჟიმების მოთხოვნათა აღსრულების კუთხით.
საფინანსო სექტორის ზედამხედველობა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობის პრინციპის დაცვით ხორციელდება. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ეროვნული ბანკი იყენებს შესაბამის საზედამხედველო ზომებს. მათ შორის, ფულად ჯარიმებს, რაც ემსახურება სექტორის შესაბამისობის დონის ამაღლებას და მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას. ასევე, სავარაუდო დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ინფორმაციას აწვდის უფლებამოსილ უწყებებს.
აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ფინანსური სექტორის შესაბამისობის დონე, ასევე ზედამხედველობის ხარისხი მუდმივად დადებითად ფასდება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, ევროპის საბჭოს რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) მიერ", - წერს სები.
პროკურატურა ამბობს, რომ უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის - 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. პირი, რომელმაც 624 მლნ დოლარი და 35 მლნ ევრო გაათეთრა, პროკურატურის ვერსიით, მის საკუთრებაში არსებული, სებ-ის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ უკანონო ქსელი მოაწყო.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პორტალმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებით უნდა გააკონტროლოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობა, ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით გათვალისწინებული ანგარიშგებები.