1750747475
გლობალური დათბობის შედეგები: მსოფლიო ზარალს ითვლის

გლობალური დათბობა - ბოლო რამდენიმე წელია ამ სიტყვებმა დედამიწელებისთვის რეალური შინაარსი შეიძინა. ყველა სეზონზე, უკვე 8 მილიარდზე მეტი ადამიანით დასახლებულ ამ პლანეტაზე უჩივიან წარმოუდგენლად უხვთოვლიან ზამთრებს, წყალდიდობებთან ერთად მოსულ გაზაფხულებს, ხანძრებად აალებულ ზაფხულებს, უჩვეულოდ ქარიშხლიან შემოდგომებს და ტემპერატურას, რომელიც ძველ ნორმებში ვეღარ ეტევა.
გამონაკლისი არც 2023-ია. წლევანდელმა ზაფხულმა ევროპაში ანომალიური სიცხეები, ქარიშხლები და ხანძრები მოიტანა, აზიაში - წყალდიდობები და ქარიშხლები. ელ-ნინიო ისევ არყევს წყნარი ოკეანის ეკვადორული ნაწილის ზედაპირულ ფენის ტემპერატურას, ცვლის კლიმატს და, მასთან ერთად - ვითარებას რეგიონის სურსათის, ენერგეტიკისა და ფინანსურ სეგმენტზე. შეცვლილი კლიმატი ცვლის დღის წესრიგს მთელი მსოფლიოსთვის.
22 ივლისისთვის ხანძარმა ევროკავშირის ტყის 173 000 ჰექტარზე მეტი გაანადგურა. მარტო საბერძნეთში, ხანძრის შედეგად, გარემოში 1 მეგატონა ნახშირბადი გაიფრქვა. ქვეყნისთვის, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის 25% ტურიზმზე მოდის, ეს უზარმაზარი პრობლემაა. ევროპისთვის მიყენებული მთლიანი ფინანსური ზარალი რამდენიმე მილიონ ევროს ითვლის, თუმცა, გარემოსთვის მიყენებული ზარალის შედეგები გაცილებით მეტია.
სიცილიასა და სარდინიაში ჰაერის ტემპერატურა ევროპისთვის რეკორდულ 48 გრადუსს გაუტოლდა; აშშ-ში, კალიფორნიის სიკვდილის ველზე თერმომეტრმა 52 გრადუსი აჩვენა; ხანძრებია სამხრეთ კალიფორნიის ტყეებში; სითბური დარტყმის შესახებ აფრთხილებს მოსახლეობას იაპონიის ხელისუფლება; კლიმატის ცვლილებების ტემპს დამანგრეველი უწოდა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა.
მიმდინარე მოვლენები მსოფლიო ეკონომიკას 3 ტრილიონი დოლარის ზარალს მოუტანს. 5.7 ტრილიონი დოლარი შეადგინა ზარალმა, რომელიც მსოფლიოს ელ-ნინიომ 1982-83 და 1997-98 წლებში მიაყენა. გაერო გლობალური პრობლემის გადასაწყვეტად აქტიურობისკენ მოუწოდებს განვითარებულ ქვეყნებს. 100 მილიონი დოლარი - ეს ის თანხაა, რომლის ყოველწლიურად გამოყოფა, გუტიერესის აზრით, განვითარებად ქვეყნებში კლიმატის ცვლილებას შეარბილებს.