გურიასა და იმერეთში დიდთოვლობის შედეგად დაზიანებული ფერმების აღდგენის პროგრამა შემუშავდა - რა პირობით მიიღებთ თანხას

ფერმა

2025 წლის თებერვალში გურიასა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული მეურნეობის დასახმარებლად პროგრამა დამტკიცდა.

მთავრობის განკარგულებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის განხორციელებისთვის თანხების მოძიება დაევალა. პროგრამა ითვალისწინებს იმერეთსა და გურიაში დაზიანებული მეურნეობების აღდგენას.

იმისთვის, რომ ბენეფიციარებმა დაზიანებული მეურნეობების აღდგენისთვის დახმარება მიიღონ, დაზიანების ფაქტის შესახებ ცნობა წერილობით უნდა დაადასტურონ შესაბამისმა მუნიციპალიტეტებმა.

პროგრამა ითვალისწინებს ერთი პირუტყვის ან ფრინველის ფერმისთვის, შემნახველი ან/და გადამამუშავებელი საწარმოსთვის მიზნობრივი ერთჯერადი დახმარების გამოყოფის შემდეგი პირობით:

  • სასათბურე მეურნეობის აღდგენა - არაუმეტეს 25 000 ლარი;
  • ფერმის, მსხვილფეხა ან და წვრილფეხა პირუტყვის ფერმის აღდგენა - არაუმეტეს 40 000 ლარი;
  • შემნახველი ან გადამამუშავებელი საწარმოს აღდგენა - არაუმეტეს 100 000 ლარი.

პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარი ვალდებული იქნება, ფერმის აღდგენიდან 2 წლის ვადაში არ გაასხვისოს ობიექტი და შეინარჩუნოს საწარმოს პროფილი.

სოფლის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს დახმარების გაცემას ბენეფიციარების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ობიექტების აღდგენიდან 2 თვის ვადის შემდეგ. ამასთანავე, სააგენტოს ექნება უფლება განახორციელოს სამუშაოების მიმდინარეობაზე მონიტორინგი.