ქართული წვენების ექსპორტით შემოსავალი $14.2 მლნ-მდე გაიზარდა - სად და რა ფასად ვყიდით პროდუქტს?

ნატურალური წვენები

საქართველოს მიმდინარე წლის 7 თვეში ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტით შემოსავალი გაეზარდა. ადგილობრივი წარმოების ნატურალური წვენების მცირე ექსპორტის მიუხედავად, გაყიდვების დინამიკა მზარდია.

იანვარ-ივლისში მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით 14.2 მლნ დოლარის ღირებულების 8 739 ტონა ქართული ნატურალური წვენები გავიდა, რაც ადგილობრივი ექსპორტის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წლის ამ პერიოდში ექსპორტით მიღებული შემოსავალი 9.5%-ით გაიზარდა, გადაზიდული ტვირთის მოცულობა კი შედარებით ნაკლებად 0.9%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე. ეს იმას ნიშნავს, რომ წელს ნატურალური ხილის წვენები გაძვირდა. თუ 2024 წლის 7 თვეში 1 ტონა ექსპორტირებული წვენების საშუალო ფასი 1 499 დოლარი იყო, წელს ამავე პერიოდში 1 627 დოლარია.

ხილისა და ბოსტნეულის წვენები 2025 წლის პირველ 7 თვეში დაახლოებით 39 ქვეყანაში გაიყიდა. მთავარი საექსპორტო ქვეყნები კი გერმანია და აშშ-ია. ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ ქართული ნატურალური წვენები ყველაზე ძვირად იაპონიასა და გერმანიაში იყიდება.

TOP-10 საექსპორტო ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:

  • გერმანია - $5.4 მლნ, 2 455 ტონა; საშუალო ფასი 1 ტონაზე - $2 195;
  • აშშ - $2.9 მლნ, 2 001 ტონა; საშუალო ფასი 1 ტონაზე - $1 449;
  • ავსტრალია - $1.1 მლნ, 1 073 ტონა; საშუალო ფასი 1 ტონაზე - $1 169;
  • იაპონია - $933 ათასი, 255 ტონა; საშუალო ფასი 1 ტონაზე - $3 661;
  • ისრაელი - $737 ათასი, 726 ტონა; საშუალო ფასი 1 ტონაზე - $1 061;
  • აზერბაიჯანი - $469 ათასი, 526 ტონა; საშუალო ფასი 1 ტონაზე - $892;
  • საბერძნეთი - $396 ათასი, 294 ტონა; საშუალო ფასი 1 ტონაზე - $1 347;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - $349 ათასი, 198 ტონა; საშუალო ფასი 1 ტონაზე - $1 766;
  • რუსეთი - $321 ათასი, 176 ტონა; საშუალო ფასი 1 ტონაზე - $1 824;
  • სომხეთი - $275 ათასი, 277 ტონა; საშუალო ფასი 1 ტონაზე - $992;

უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში ხილისა და ბოსტნეულის წვენების იმპორტიც იზრდება, თუმცა ექსპორტზე მცირეა. მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში საქართველომ 9 მილიონ 162 ათასი დოლარის ღირებულების 3 391 ტონა ხილის წვენი შეიძინა. მთავარი საიმპორტო ბაზრები თურქეთი, ნიდერლანდები და ავსტრიაა.