რატომ იზრდება ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა - ფინანსთა მინისტრის განმარტება

სოციალური დახმარება

კითხვას, თუ რატომ იზრდება ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის ფარგლებში უპასუხა.

მისი თქმით, ამას 2 ფაქტორი განსაზღვრავს. კერძოდ, ლაშა ხუციშვილს თქმით, სახელმწიფო უფრო მეტ ადამიანს ეხმარება, ვიდრე გასულ წლებში და მეორე, ადამიანებს დასაქმების პარალელურად, სოციალური დახმარება გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნარჩუნდებათ. შესაბამისად, როგორც მინისტრმა განმარტა, ისინი ბაზაში კვლავ რჩებიან.

„ამ მიმართულებით შემიძლია გითხრათ 2 განმსაზღვრელი ფაქტორი, რატომაა რაოდენობა გაზრდილი [სოციალურად დაუცველთა]. ერთის მხრივ, რაოდენობა გაზრდილია იმიტომ, რომ სახელმწიფომ გადაწყვიტა, უფრო მეტ ადამიანს დაეხმაროს, ვიდრე აქამდე ეხმარებოდა. ანუ როდესაც გაიცემოდა სოციალური დახმარებები სხვადასხვა მიმართულებებით, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ უფრო მეტის საჭიროება არ არსებობდა. ბუნებრივია, არსებობდა უფრო მეტის საჭიროება. ამიტომ, მოხდა ამ კატეგორიის ადამიანების რაოდენობის ზრდა. კერძოდ, შეფასების კრიტერიუმი, რომელიც იყო 100 000 ქულამდე, გახდა 120 000 ქულა და ბუნებრივია, მოიცვა უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე აქამდე იყო.

გარდა ამისა, ამ ნაწილში მნიშვნელოვანი ზრდა იყო ბავშვების ყოველთვიური დახმარება 200 ლარის ოდენობით. თუმცა ბაზაში ისახება არა მხოლოდ კონკრეტული ბავშვი, არამედ, მთელი ოჯახი, შესაბამისად, რაოდენობრივ ნაწილში ზრდა იყო.

და, მეორე გადაწყვეტილება, რომელიც სოციალურად დაუცველებთან მიმართებით სახელმწიფომ მიიღო, იყო ის, რომ ადამიანი, რომელიც იყო სოციალურად დაუცველთა ბაზაში და დაიწყებდა მუშაობას, არ მოხდებოდა მისი ამოღება ამ ბაზიდან. გარკვეულწილად მუშაობის დაწყების სტიმული რომ მომხდარიყო ამ ადამიანებისთვის. მანამდე, როდესაც ადამიანი იწყებდა სამუშაოს და ხელფასი უჩნდებოდა, გადამოწმებისას მისი ბაზიდან ამოღება ხდებოდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როდესაც ეს მიდგომა შეიცვალა, ადამიანი შეიძლება დღეს ხელფასსაც იღებდეს და სოციალურად დაუცველთა ბაზაშიც იყოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

შესაბამისად, სრულად ახსნადია, რატომ ეხმარება სახელმწიფო უფრო მეტ ადამიანს, ვიდრე ეს იყო თუნდაც 4 წლის წინ“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, რომელიც შეეხება საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2026-29 წლებისთვის“.