საქართველოში ყოველი მე-3 ადამიანი თავს ღარიბად თვლის - შემწეობის მიმღებთა რიცხვმა კი 705 ათასს გადააჭარბა

სიღარიბე

საქართველოში ყოველი მე-3 ადამიანი თავს ღარიბად თვლის, ხოლო ყოველი მე-5 საარსებო შემწეობას იღებს. ამაზე მოწმობს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2025 წლის ბოლო, მაისის სტატისტიკა.

უფრო კონკრეტულად, მაისის მდგომარეობით საქართველოში საარსებო შემწეობას 705 090 ადამიანი იღებდა. აქედან 465 510 ადამიანი მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო 239 580 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეთა სიაშია, რომელთაც 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად უნარჩუნდებათ. გასული წლის მაისში შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 667 528-ს შეადგენდა.

ამასთან, მაისის მდგომარეობით 1 291 151-ს შეადგენს სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობა, ანუ მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს. 2024 წლის მაისში ასეთი ადამიანების რიცხვი შეადგენდა 1 237 467-ს.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის 3 704 500 ადამიანი ცხოვრობს.