„საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 98 წევრზე 1,8 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა“ - ვინ გააცდინა ყველაზე მეტჯერ სხდომა

ფრენა

საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 98 წევრზე დაიხარჯა 1,836,033.17 ლარი. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაშია საუბარი.

ორგანიზაციამ პარლამენტის 2023 წლის საქმიანობა შეაფასა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს პარლამენტი ყველაზე მეტად დაიხურა. კერძოდ, TI-ის განმარტებით, პარლამენტმა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ფარგლებში არ გასცა ის ინფორმაცია, რომელსაც უკანასკნელი 10 წელი ასაჯაროებდა. საუბარია, პარლამენტის წევრთა სიტყვით გამოსვლის რაოდენობაზე, დეპუტატების მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობების შესახებ ინფორმაციაზე, ასევე, კომიტეტების საქმიანობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციაზე.

ამასთან, TI-ს სტატისტიკით, კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით ოპოზიციიდან ყველაზე მეტჯერ გააცდინა გიორგი გოდაბრელიძემ, ხოლო უმრავლესობიდან მარიამ ლაშხმა .

უფრო კონკრეტულად:

2023 წელს 12 მინისტრის საათი და 6 ინტერპელაცია ჩატარდა;

კომიტეტის სხდომაზე ანგარიშვალდებული პირები 6-ჯერ დაიბარეს (5 შემთხვევაში ინიციატორი ოპოზიცია იყო, 1 შემთხვევაში კომიტეტი). ანგარიშვალდებული პირი 5-ჯერ დაესწრო სხდომას;

73 საკანონმდებლო პაკეტთა (245 კანონის პროექტი) პროექტზე ვადის გაგრძელება 111-ჯერ იქნა გამოყენებული;

შემცირდა სადეპუტატო კითხვების რაოდენობა, პარლამენტის 47 წევრმა სულ 2997 კითხვა გაუგზავნა მინისტრებსა და ანგარიშვალდებულ პირებს, აქედან 77 უმრავლესობის დეპუტატების, ხოლო ოპოზიციის 2920 კითხვა იყო. ყველაზე მეტი კითხვა ოპოზიციის დეპუტატმა თინათინ ბოკუჩავამ გააგზავნა (582 კითხვა).

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ 3 მოთხოვნა დარეგისტრირდა პარლამენტში, ყველას ინიციატორი ოპოზიცია იყო. საგამოძიებო კომისია არც ერთ შემთხვევაში არ შექმნილა.

კვლევის მიხედვით, პარლამენტის წევრთა აქტიურობა შემდეგნაირად გამოიყურება:

საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 98 წევრზე დაიხარჯა 1,836,033.17 ლარი;

ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორია უმრავლესობიდან ირმა ზავრადაშვილი (105 კანონის პროექტი), ხოლო ოპოზიციიდან ალექსანდრე რაქვიაშვილი (74 კანონის პროექტი);

პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტჯერ გააცდინა ოპოზიციიდან ცეზარ ჩოჩელმა (23 გაცდენა), ხოლო უმრავლესობიდან ელისო ბოლქვაძემ ( 13 გაცდენა);

კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით ოპოზიციიდან ყველაზე მეტჯერ გააცდინა გიორგი გოდაბრელიძემ (16 გაცდენა), ხოლო უმრავლესობიდან მარიამ ლაშხმა (10 გაცდენა).

რაც შეეხება მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებს, ორგანიზაციის მიერ პროგრესულად შეფასებულ კანონთა შორისაა: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი, კორუფციის შესახებ კანონში ცვლილება, რომლითაც პროკურორები ვალდებული არიან ქონებრივი დეკლარაცია წარადგინონ. ხოლო, ნეგატიურადაა შეფასებული შემდეგი საკანონმდებლო ცვლილებები: შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების წინასწარი აკრძალვის შესახებ ინიციატივა, სიძულვილის ენის რეგულირებასთან დაკავშირებით მაუწყებლის შესახებ ცვლილებები, რეგლამენტში ცვლილებები ანგარიშვალდებულების და კონტროლის შესახებ.