შეღავათიანი აგროკრედიტით სესხები მოცვის წარმოებაზეც გაიცემა - ვის შეეძლება პროგრამით სარგებლობა

მოცვი

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამას მოცვის პირველადი წარმოება დაემატა - შესაბამისი განკარგულება მთავრობამ 27 ივნისს გამოსცა.

დოკუმენტის მიხედვით, „შეღავათიანი აგროკრედიტით“ სესხები გაიცემა მოცვის პირველად წარმოებებზე, რომელთა ბაღებიც მდებარეობს იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში.

უფრო კონკრეტულად, ერთი საოპერაციო წლის ხარჯების დასაფინანსებლად, სესხები გაიცემა შემდეგი მიზნობრიობით:

  • პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების მიმდინარე ხარჯების დაფინანსება;
  • შრომითი რესურსებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები;
  • სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის გამოყენებული ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების მიმდინარე ხარჯების დაფინანსება;
  • მიწისა და წყლის ლაბორატორიული ანალიზის საფასურის დაფინანსება.

პროგრამით სარგებლობა შეეძლებათ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს, რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმესა და ფიზიკურ პირებს (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოებისა). ერთ ბენეფიციარზე ერთ სეზონზე გაცემული სესხის თანხა განისაზღვრება არანაკლებ 10 000 ლარიდან 100 000 ლარის ჩათვლით.

„საფინანსო ინსტიტუტის მიერ ამ კომპონენტის ფარგლებში ბენეფიციარზე გაცემული სესხის სარგებლობისთვის განსაზღვრული წლიური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 18%-ს.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო მოახდენს გაცემული სესხის არაუმეტეს 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას წლიური 9%-ის ოდენობით, სესხის გაცემიდან არაუმეტეს 14 თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ბენეფიციარი დაადასტურებს სესხის მიზნობრივად ხარჯვას.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრი განსაზღვრავს მოცვის ერთი საოპერაციო წლის მოვლა-მოყვანის მაქსიმალურ ხარჯს 1 ჰექტარზე გაანგარიშებით“, - აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიწის ნაკვეთი, სადაც იგეგმება სესხის თანხის ინვესტირება, უნდა იყოს მსესხებლის საკუთრებაში, თანასაკუთრებაში ან სარგებლობაში და ეს რეგისტრაცია განხორციელებული უნდა იყოს 2025 წლის 30 მარტამდე.

ამასთანავე, დადგენილი პირობებით კრედიტი გაიცემა ყოველი წლის 1-ელი იანვრიდან იმავე წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.