"ენერგეტიკაში თავისუფალი ბაზრის პრინციპიდან უნდა დგინდებოდეს ფასი და არა აუქციონით, ან ხელოვნური ტარიფით"

ირაკლი ტყებუჩავა

სიმძლავრის მეორე აუქციონში 146 განაცხადის მიღება დარგში დიდ ინტერესს გამოხატავს - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „გროს ენერჯი ჯგუფის“ ფინანსური დირექტორი ირაკლი ტყებუჩავა საუბრობს.

„ძალიან მნიშვნელოვანია წახალისების ეს მექანიზმი თვითონ დარგისთვის და ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ინვესტორებს, რათა განახორციელონ ინვესტიციები და დარგი განვითარდეს“ - აცხადებს ირაკლი ტყებუჩავა.

მისივე თქმით, ამავდროულად, დღის წესრიგში  ენერგეტიკული ბირჟის გახსნის აუცილებლობა დგას.

„ყველაზე მნიშვნელოვანი არის ბირჟის გახსნა და ეს არის აუცილებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, დარგისთვის, რათა იყოს ღია კონკურენცია და თავისუფალი ბაზრის პრინციპიდან დგინდებოდეს ფასი და არა აუქციონით, ან ხელოვნური ტარიფით. რაც მალე გაიხსნება ბირჟა უფრო კარგია ჩვენი ქვეყნისთვის და დარგის განვითარებისთვის

ზოგადად, ბირჟა როდესაც გაიხსნება, ამ პროექტებით, რომლებიც გაიმარჯვებენ აუქციონში, მათი ენერგიით, სავარაუდოდ, თვითონ სახელმწიფო ივაჭრებს ბირჟაზე. მას ექნება ვალდებულება ინვესტორის წინაშე, თუმცა, ამას ბირჟაზე დააბალანსებს და მათ ელექტროენერგიას ესკო გაყიდის“ - აღნიშნავს ირაკლი ტყებუჩავა „ბიზნესპარტნიორთან“.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ რიგით მეორე სიმძლავრის აუქციონი 2023 წლის 30 დეკემბერს გამოაცხადა. განაცხადების მიღება 12 თებერვალს დასრულდა. აუქციონში 146 განაცხადი შევიდა, რაც დაახლოებით ორჯერ მეტია პირველ აუქციონთან შედარებით. სამინისტროს ცნობით, აუქციონის კომისია შეიკრიბება უახლოეს მომავალში, გაეცნობა წარმოდგენილ განაცხადებს, დაადგენს მედიანურ ტარიფს, რის შემდგომაც გამარჯვებული წინადადებები გამოვლინდება.

სიმძლავრის მეორე აუქციონის ჯამური დადგმული სიმძლავრე 800 მგვტ. - ს შეადგენს. აუქციონის სიმძლავრე გადანაწილდა შემდგომ კატეგორიებში: ჰიდროელექტროსადგურები (მარეგულირებელი) - 300 მგვტ.; ჰიდროელექტროსადგურები (მოდინებაზე) -100 მგვტ.; ქარის ელექტროსადგურები - 125 მგვტ.;  მზის ელექტროსადგურები -125 მგვტ.; ქარის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) - 70 მგვტ.; მზის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) - 70 მგვტ.; სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები - 10 მგვტ.