რა თანხით დააფინანსებენ EBRD-ი და ევროკავშირი ენგურჰესის რეაბილიტაციას

ენგურჰესი

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გამოყოფს 28 მილიონი ევროს ოდენობის სუვერენულ სესხს, საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისათვის. სადგურის მოქმედი კომპანიის, შპს ენგურჰესის დაფინანსებას დაემატება ევროკავშირის მიერ გაცემული გრანტი, 7.05 მილიონის ევროს ოდენობით.

ეს ფინანსური პაკეტი მოახდენს ენგურის კაშხლის სტრუქტურული მდგრადობისთვის საჭირო, გრძელვადიანი სამუშაოების, მიწისქვეშა გვირაბებისა და მილსადენის შეკეთების დაფინანსებას, რათა უზრუნველყოფილ იქნას ელექტროენერგიის უფრო საიმედო ქსელი და გამომუშავება. გარდა ამისა, ინვესტიციის დახმარებით, შემცირდება წყლის გაჟონვა სათავე გვირაბში და ხელი შეეწყობა დამატებითი განახლებადი ენერგიის წარმოებას. ეს თანხები, ასევე, მოხმარდება ინფრასტრუქტურის, მათ შორის გზების მშენებლობას კაშხლის მონიტორინგისათვის, ამასთან ერთად შეიქმნება თევზსავალი სივრცეები.

1970-იან წლებში აშენებული, ენგურის ელექტრო სადგური, და ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურები, როგორც მთლიანი ენერგო კომპლექსის ნაწილია, აკმაყოფილებს ქვეყნის ელექტროენერგიის მოთხოვნილების დაახლოებით 30 პროცენტს და საკვანძო მნიშვნელობისაა ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის. 

1998 წლიდან EBRD-ი ჩართულია ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციაში, რათა ხელი შეუწყოს ელექტროენერგიის იმპორტის დამოკიდებულების შემცირებას,  ენერგო უსაფრთხოებას და მწვანე და მდგრად ენერგოსექტორს.

ევროკავშირი პროექტს მხარს უჭერს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის საშუალებით, რომელიც ასევე, შესაბამისობაშია მათ Global Gateway სტრატეგიასთან და მიზნად ისახავს  კავშირების გაუმჯობესებას ციფრულ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სექტორებში აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონში, მათ შორის საქართველოში. 1998 წლიდან, EBRD-იმ და მისმა დონორებმა ენგურის სადგურის რეაბილიტაციისათვის საერთო ჯამში გამოუყვეს 205 მილიონი ევრო.

EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ბანკმა დღეისათვის, განახორციელა დაახლოებით 5 მილიარდი ევროს ინვესტიცია 290 პროექტში, საქართველოს ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში. ამ ინვესტიციების 83 პროცენტი კერძო სექტორზე მოდის.